2 წლის ბიჭუნა, რომელიც მამას ჩაკეტილ მანქანაში დარჩა, დაიღუპა

2 წლის ბიჭუნა, რომელიც მამას მანქანაში დარჩა ჩაკეტილი ავტოსადგომზე სიცილიური მცხუნვარე მზის ქვეშ, გაუწყლოვნებისგან დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ კატანიაში (სიცილია, იტალია) მოხდა.

ბავშვის მამა ამჟამად დაპატიმრებულია არა წინასწარ განზრახული მკვლელობის ბრალდებით. გამომძიებელი მასზე ამბობს, რომ „იგი სასოწარკვეთილი და მწუხარებისგან განადგურებულია“.

43 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილობრივ უნივერსიტეტში ინჟინერიას ასწავლის, მხოლოდ მაშინ გაახსენდა მანქანაში დარჩენილი ბავშვი, როდესაც დღის 2 საათზე ცოლმა დაურეკა – ქალი შეშფოთებული იყო, რადგან საბავშვო ბაღში შვილის წამოსაყვანად მისულს, ბიჭუნა იქ არ დახვდა.

მამა მაშინვე გაიქცა უნივერსიტეტის ავტოსადგომზე, სადაც შემზარავი სურათი ელოდა – ბიჭუნა აღარ სუნთქავდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, რომლებიც ადგილზე უსწრაფესად მივიდნენ, პატარას ვეღარაფერი უშველეს – ბავშვი გარდაცვლილი იყო, რისი მიზეზიც გახდა მხუთავი სიცხე მანქანაში, რომელიც მცხუნვარე მზეში იდგა. კატანიაში ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში თითქმის 35 გრადუსს აღწევს.

მანამდე კატანიაში კიდევ ერთი მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პოლიციის ჩარევის შემდეგ. მშობლებს, შვეიცარიელ ტურისტებს, 4 წლის ბიჭუნა, აგრეთვე, მანქანაში დარჩათ მცხუნვარე მზის ქვეშ, კატანიის აეროპორტის წინ. ბავშვი პოლიციის უფროსმა იხსნა, რომელმაც შუშა პისტოლეტის კონდახით ჩაამსხვრია და ბიჭუნა მანქანიდან გამოიყვანა.

სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები იტალიაში სხვა დროსაც მომხდარა: ვერონის მახლობლად 2017 წლის აგვისტოში მშობლებს 4 წლის ბიჭი დარჩათ მანქანაში, რომელიც ზაფხულის ხვატის გამო დაიღუპა. 2013 წლის ივნისში ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი რესტორნის მზარეულმა დატოვა თავისი 3 წლის მძინარე შვილი მანქანაში, თვითონ კი სამუშაოზე წავიდა – ბავშვი ასევე გაუწყლოვნებისგან გარდაიცვალა. 2011 წლის მაისში კი ანკონის უნივერსიტეტის ლექტორს დაავიწყდა თავისი 2 წლის გოგონას წაყვანა საბავშვო ბაღში და ჩაკეტილ მანქანაში დარჩა მძინარე. სამწუხაროდ, გოგონაც ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა.

კატანიაში მომხდარი ტრაგედიის, ისევე როგორც მისი მსგავსი სხვა უბედური შემთხვევების, თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა კანონი, რომელიც მშობლებს „დავიწყების საწინააღმდეგო“ სისტემით აღჭურვილი საბავშვო სავარძლების გამოყენებას ავალდებულებს, ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

ნინო ხოშტარია

წყარო: ilmessaggero.it

მსგავს თემაზე: მამას 11 თვის შვილები მანქანაში დარჩა – პოლიციამ ტყუპი და-ძმა გარდაცვლილები იპოვა

კომენტარები