რატომ არ აძლევენ უცხოელ მშობლებს იუსტიციის სახლში სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების დაბადების მოწმობებს?
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლები სხვადასხვა ქვეყნიდან იუსტიციის სახლში კვლავ შვილების დაბადების მოწმობების მიღებას ითხოვენ, რაზეც მათ მე-2 თვეა უარს ეუბნებიან. ესენი არიან 15-მდე მშობელი აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან. დაბადების მოწმობების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ.
გუშინ, 16 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 9-იდან 13 სექტემბერის ჩათვლით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებული სუროგაციის გზით გაჩენილი 26 ბავშვის დაბადება დაარეგისტრირა.
„ეს რეგისტრაციები შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების მიერ თითოეულ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო სუროგაციის განხორციელების ზოგიერთი ელემენტარული, კანონმდებლობით დადგენილი წესები. უკვე დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 8 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დადგენილ იქნა გარდამავალი პერიოდი და „განაყოფიერებამდე დადებულ“ სუროგაციის ხელშეკრულებად ჩაითვალა განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ „იმპლანტაციამდე დადებული“ ხელშეკრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს შეფასებით, გამარტივებული წესების პირობებშიც კი, ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ., ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს ამბობს ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღების შესაძლებლობაზე.
სანაცვლოდ, როგორც სააგენტო მიუთითებს, კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ უცხოელი კლიენტები და საკუთარი ხარვეზების გადასაფარად თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ დროს.
„ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან“, – აცხადებს სააგენტო.
უწყების განმარტებით, ბავშვთა უფლებების ეფექტიანად დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სუროგაციის გზით დაბადებული თითოეული ბავშვი რეგისტრაციას დროულად მხოლოდ მას შემდეგ გაივლის, რაც შესაბამისი კლინიკა კანონმდებლობით დადგენილ საბუთებს სააგენტოს სრულყოფილად მიაწვდის.
„სუროგაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფოს ვალია, ზედმიწევნით ზრუნავდეს გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციაზე. სახელმწიფო, ბავშვთა უფლებების გარდა, ასევე იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული მესამე პირების (სუროგატული დედის, დონორის) ინტერესებსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, კლინიკა „ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის ოფისი და, ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.
„აქ არის დაახლოებით 15 მშობელი, პარასკევის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, შაბათს იუსტიციის სახლი დაკეტეს, მექორწილეებიც არ შეუშვეს და გამზადებულ საბუთებს არ აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ, სავარაუდოდ, მუშაობდნენ ამ დოკუმენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ველოდი, დღეს კარში შემოგვეგებებოდნენ და მზა დაბადების მოწმობებს მოგვცემდნენ, რათა ამხელა აურზაური აერიდებინათ, ისევ გვალოდინებენ, თოთო ბავშვებით. …თუ დღესაც ვერ ავიღეთ დაბადების მოწმობა, ვგეგმავთ, მოვიტანოთ ღამის გასათევი საშუალება და შიგნით დავწვეთ, რათა ხელი შევუშალოთ იუსტიციის სახლს, როგორც თვითონ გვიშლიან ხელს. …ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად წავიღებთ სტრასბურგში, თითოეული მშობელი იჩივლებს საკუთარი უფლებების დასაცავად, მოითხოვენ მორალურ და ფინანსურ კომპენსაციას“, – აცხადებს მარიამ კუკუნაშვილი.
ორი ბავშვის მშობლის, ლინდსი ბარტონის თქმით, დაბადების მოწმობის გარეშე ვერც პასპორტს იღებენ და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას, ამიტომაც იუსტიციის სახლს მანამ არ დატოვვებს, სანამ საბუთს არ მიიღებს.
„ჩვენ დიდი ბრიტანეთიდან ვართ, ორი შვილი გვყავს, ორი ბიჭი. დაბადების მოწმობა აუცილებლად გვჭირდება, ვერაფერს ვაკეთებთ. ვერც პასპორტს ვიღებთ, ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას. იუსტიციის სახლში ვისხდებით მანამ, სანამ არ მივიღებთ დაბადების მოწმობებს, ნაწილმა პარასკევს მიიღო და ვერ ვხედავ მიზეზს, ჩვენ რატომ არ უნდა მოგვცენ დღეს“, – უთხრა „მეტრონომს“ ლინდსი ბარტონმა.
წყარო: radiotavisupleba.ge; metronome.ge
კომენტარები