ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

„ვერ წარმომიდგენია ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოსკენ მიმავალ გზას არ გასცქერის“

ოლგა თამელო, ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

 

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

ბოროტად შემობრუნებული სხვათა შეჭირვებულთა დახმარება, რამაც იძულებული გამხადა დროებით დამეტოვებინა სამშობლო თავის გადასარჩენად. მიყვარდა მოგზაურობა, მაგრამ ორ კვირაზე მეტს ვერსად ვჩერდებოდი. ვიცოდი, გამიჭირდებოდა სხვაგან ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

ემიგრანტობის პირველი დღეები…

ესაა უცხო ქვეყანაში დაბადება, სადაც პირველი დღიდან, პირველივე წამიდან დედას მოგგლეჯენ და რჩები ღვთის ამარა, სადაც ენა ახლად უნდა აიდგა. სიხარული შეგიძლია, მაგრამ გზას ვერ ხედავ. აქ ყველას თავის თავი გასჭირვებია (ბევრიც გაბოროტებულია), მაგრამ ადამიანები ყველგან არიან და ყველგან ცოტაა. ასეა თუ ისე, იდგამ ენას და ერგები როგორღაც რობოტულად. შედიხარ სამსახურში და სითბოს თუ გამოხატავ, უკვირთ.

ის, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე…

წარსული თავის მინუს-პლუსებით, ჩემი ოჯახი, შვილები, მეგობრები, ენა ქართული, მიწა ქართული, მისი სურნელით და… და… და…

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

სულის ცრემლები ჩუმად ყლაპო და პირზე ღიმილი მოირგო: საქართველოდან გამოგზავნილი სანთლები ჩუმად აანთო და ილოცო საქართველოსთვის, ოჯახისთვის, სახლში დროულად დაბრუნებაზე…

დედას დაშორებული შვილები…

დედას დაშორებული შვილები ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს მაგონებენ, რაც არ უნდა კარგ პირობებში იყვნენ… თუმცა დამოუკიდებლობას სწავლობენ. ბევრი იწერება ემიგრანტთა ვითომდა გაზულუქებულ შვილებზე, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთები ერთეულები არიან და დედა სახლშიც რომ ჰყავდეთ, ასეთებივე იქნებოდნენ.

როდესაც ადამიანი გარემოს იცვლის…

დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ეჩვევა. უამრავი წინაღობა ხვდება. განსხვავებული ტრადიცია, განსხვავებული აზროვნება, აკლიმატიზაცია უწევს, ამ ყველაფრის შეგუება. ამ დროს წინ იყურება, იმედი, რწმენა იმის, რომ ყველაფერი დალაგდება. ზოგისთვის უსიცოცხლოა იმედი, ოჯახის წევრებისგან გაუცხოებას გრძნობენ და სახლისაკენ გული აღარ მოუწევთ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელიც საქართველოსკენ მიმავალ გზას არ გასცქერის. ახლა ყველას აქვს კონტაქტი სამშობლოში და იციან, საქართველოში რა ხდება და უადვილდებათ სხვაგან ყოფნა შედარებით. გაფიქრებაც კი მზარავს იმ ემიგრანტების ყოფაზე, მუჭა მიწა რომ მიჰქონდათ თან გულზე დასაყრელად. მათ ფონზე ჩვენ რა გვიშავს.

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ…

ნეტა, დადგებოდეს ის დრო, რომ მხოლოდ ტურისტებად, სასწავლებლად და სხვა საქმიანი ვიზიტებისთვის გადიოდნენ. საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ. პირველი დაბრკოლება ენაა და გაითვალისწინეთ.

განსხვავება უცხო ქვეყნასა და ჩემს სამშობლოს შორის…

განსხვავება ყველგან დიდია. ტრადიციები, დიალექტით სხვაობა ყველა ქვეყანაშია შიგნით და სხვა ქვეყანაში – უფრო მეტი, თავისთავად. ქალები უფრო მიხვდებიან, რისი თქმა მინდა. ქალი რომ თხოვდება და უცხო ოჯახში შედის, იქაც კი ხვდება სხვა წეს-ჩვეულება. ბევრი მავნე ჩვევა, ტრადიციაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ვართ. ქვეყანას, სადაც მეზობელი მეზობელს არ იცნობს, შვილი დედის სანახავად ტკბილეულს რომ მიიტანს, დედა ფულს გადაუხდის – იმ ქვეყანას როგორ შევადარებ საქართველოს?!

არასოდეს დამავიწყდება…

რომ ვარ ქართველი, ადამიანები, რომლებიც უანგაროდ დამხმარებიან და ღმერთი, უფალი, რომლის ძალა ჩემდა სასიკეთოდ ხშირად მიგრძვნია.

მენატრება…

მენატრება გაბრწყინებული საქართველო, მენატრება ის დრო, როდესაც ადამიანები შეიგნებენ, რომ არიან ადამიანები. მენატრებიან ჩემები; ხან მტერიც – რომ არ მოვეშვა. და მენატრება დრო, როდესაც მოლბერტს მშვიდად მივუჯდები და ხელს არავინ შემიშლის.

უკვე მივეჩვიე…

სხვაგან ყოფნას ვერასოდეს მივეჩვევი. მივეჩვიე ფიქრს და ხატვას. ხატვა მკურნალია ჩემთვის. მივხვდი, ყოველთვის მინდოდა ხატვა და ვერ ვხვდებოდი. სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი.

რას დავხატავდი, თუ მთხოვდნენ, ნახატით გადმომეცა ჩვენი ყოფა…

მაქვს რამდენიმე ნახატი: ემიგრანტი, ღვთისმშობლის შვილობილი, ცრემლი დაღვენთილი სანთლად, სანთელი დანთებული ცრემლად…

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები…

საქართველოს შემოვივლი.

ის, რაც გადაგვარჩენს…

უფლის სიყვარული.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

აქ სულ მარტო ვარ და ვფიქრობ, აქ მეტი დროა ფიქრისთვის, ფიქრებმა ხომ მანძილი, ხარჯები, საზღვრები არ იცის; წარსულს აანალიზებ და ხვდები, რომ რაც იყო, ისე უნდა ყოფილიყო, გვინდოდა ჩვენ ეს თუ არა. ასევე მომავალშიც. დაჰქრიან ფიქრები აღმა-დაღმა. რაღაცას ოცნებობენ, რაღაცის იმედი აქვთ. ხან არის – ოცნებაც, იმედიც მკვდარია, მაგრამ მაინც უნებურად მის გარშემო ტრიალებენ. მოკლედ, არ გვემორჩილება.

ლექსი, რომელიც დღევანდელობას შეესაბამება…

„კიდევაც დაიზრდებიან“… ასე მინდა, გვინდა, გვჭირდება!..

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close