ქართველები უცხოეთშიინტერვიუიტალიასაზოგადოება

რაზე ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ინტერვიუში იტალიელ ჟურნალისტთან?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტი „გახდი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ დღითიდღე სულ უფრო მეტ პოპულარულობას იძენს და მასზე უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ ალაპარაკდნენ.

ამჯერად იტალიის და იტალიელი ჟურნალისტის, დომენიკო ლეტიციას ყურადღება მიიპყრო პროექტმა, რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ თავიანთი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და საჯარო სამსახურისთვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა.

რამდენიმე თვის წინ რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ნენო გაბელიას ინიციატივით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს და ქართულ მოდას შეეხებოდა, სტუმრად მიწვეულმა იტალიელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა დომენიკომ ლეტიციამ, შეიძლება ითქვას, თავიდან აღმოაჩინა პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ქვეყანა – საქართველო. სწორედ ამ დღის მერე გადაწყვიტა მან ინტერვიუ ჩამოერთმია საქართველოს ახალგაზრდა ელჩისთვის იტალიაში. ეს დიალოგი იტალიის ორ მნიშვნელოვან გაზეთში, Cronache di Napoli-ში და Cronache di Caserta-ში გამოქვეყნდა – ინტერვიუში, სათაურით „ღვინის აკვანის ძიებაში“, საუბარია საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში ნენო გაბელია მოგვითხრობს იმ არქეოლოგიური გათხრების შესახებ, რომელთა მიხედვითაც დადასტურდა, რომ ღვინო სწორედაც რომ საქართველოდან მოდის.

ბატონ დომენიკოს ისიც არ გამოჰპარვია, რომ იტალია-საქართველოს შორის ახალი საჰაერო რეისები დაინიშნა და დღეს უფრო მეტ ტურისტს ეძლევა საშუალება იმოგზაუროს საქართველოში – ინტერვიუში ამ საკითხზეც არის გამახვილებული ყურადღება.

იტალიელთა უმრავლესობისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც საუბარია, თუ რა სახის საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს იტალიელებისთვის საქართველოში.

ახალგაზრდა ელჩის ინფორმაციით, არსებობს არაერთი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ტარდება და საშუალებას აძლევს იტალიელებს, საგანმანათლებლო მიზნით რამდენი კვირა იმოგზაურონ საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ერასმუსის“ პროექტები, რომლებიც უკვე ჩატარდა იტალიელებისთვის ქობულეთში, გორსა და თელავში.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდა ელჩის მანდატისთვის ახალ კონკურსს სულ მალე გამოაცხადებს და ნენო გაბელია ესტაფეტას კონკურსის ახალ გამარჯვებულს გადაულოცავს, თან თავის მდიდარ გამოცდილებასაც გაუზიარებს.

ჩვენს მკითხველს დომენიკო ლეტიციასაც გავაცნობთ: იგი არის ჟურნალისტი, ეროვნული გაზეთის, L’Opinione-ის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი; მკვლევარი, პუბლიცისტი და სოციალური მედიის მენეჯერი, იუნესკოს მსოფლიო წყლის მუზეუმის ქსელის წევრი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close