ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ნინო ანდღულაძე : „მინდა, მივმართო ემიგრანტებს: გვიყვარდეს ერთმანეთი, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!“

„ემიგრანტობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სწავლა სხვადასხვა წარმატებულ უნივერსიტეტში შეუძლიათ, უარყოფითი კი ისაა, რომ ბევრს აღარ უნდა სამშობლოში დაბრუნება, აქ ჩამოსულები საკუთარ შვილებს არ ასწავლიან მშობლიურ ენას… პირადად ვიცნობ ასეთებს. ეს საშინელებაა… ჩვენი პატარა საქართველოსთვის დიდი დანაკარგია“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ქალბატონი ნინო ანდღულაძე, რომელიც უკვე 15 წელია ემიგრანტია, ემიგრანტობის ყველა მხარეს რეალურად ხედავს და განიცდის.

ნინო ანდღულაძე ამჟამად იტალიაში, პიზასთან ახლოს პატარა დასახლებაში ცხოვრობს და მუშაობს. იგი უდიდესი ამერიკული  კომპანია „ჯენეს გლობალის“ თანამშრომელია. სამსახურის პარალელურად უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს უხმაუროდ. მის მიერ დაარსებული ჯგუფი „ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება“ ხშირად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. ინტერვიუში ქალბატონი ნინო გვიამბობს, როგორ მოვიდა დღემდე, როგორია მისი სამომავლო გეგმები და, რაც მთავარია, რა სათხოვარი აქვს ქართველ ემიგრანტებთან.

ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენ შესახებ: ვინ ხართ, რა პროფესიის, საიდან მოდიხართ, როგორ მოხვედით დღემდე?

ცხოვრებაში მხოლოდ ორი პრინციპი არსებობს: როგორ ჩაერთო ცხოვრებაში და როგორ განერიდო მას.

ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი ბრძოლაა. მასთან გარიდება არასდროს მდომებია. პროფესიით ფილოლოგიის გახლავართ. 90-იან წლებში ვმუშაობდი განათლების სამინისტროში მეთოდისტად (სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ხოლო შემდეგ – სოციოლოგიური განყოფილებაში), პარალელურად, სხვადასხვა დროს, ვმუშაობდი საჯარო სკოლებში, პედაგოგად.

დიდი გამოცდილება დავაგროვე, თავს უფლება მივეცი, დამოუკიდებლად მომეძებნა გზები და საშუალებები და ჩემი დიდი სურვილი ამესრულებინა – მქონოდა საკუთარი სასწავლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში სკოლა.

ოცნებას ფრთები შევასხი.

ბუნებით ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ, წინააღმდეგობები ჩემთვის არ არსებობს. რაც არ უნდა წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ, სკოლის მშენებლობა შიშველი ხელებით დავიწყე. დავიწყე და დავასრულე კიდეც. იყო დიდი წარმატებები. ბრწყინვალე კოლექტივი… მათი დაუღალავი შრომის შედეგად წარჩინებულ სკოლებს შორის ვიყავით.

მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემები შეგვექმნა. დაიწყო შენობების პრივატიზება. ამისათვის საჭირო იყო დიდი თანხა, რაც არ გამაჩნდა. სკოლისათვის რომ მეშველა; დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. საშინლად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ეს გამოსავალი ქვეყნის დატოვება იყო. დიდი ფიქრის შემდეგ წავედი საზღვარგარეთ. წავედი, მაგრამ სკოლა ვერ გადავარჩინე დახურვას.

მოხდა სკოლის რეორგანიზაცია. დავრჩი სამუშაოს გარეშე.

ეს იყო დიდი კრახი ჩემს ცხოვრებაში.

აკეთო შენი საყვარელი საქმე, შენი ცოდნა და გამოცდილება მოიხმარო ყველაზე წმინდა საქმეს, მომავალი თაობის აღზრდას, არ გამომივიდა. დიდი ტრავმა მივიღე. ჩემი მიზნები განსახორციელებელი დამრჩა.

რომელ სკოლაზე საუბარობთ, სად ააშენეთ ეს სკოლა?

1997 წელს ქ. რუსთავში კერძო სკოლა „ნინო“ დავაარსე. ნუ გაგიკვირდებათ, ეს სახელი რომ დავარქვი და იცით, რატომ? უზომოდ დიდი შრომა ჩაავდე მასში, სხვას ვერაფერს დავარქმევდი – ვიმსახურებდი. მადლობელი ვარ უფლისა ამ დიდი ბედნიერებისათვის.

ასეთმა აქტიურმა ქალბატონმა მშობლიური ქვეყანა თვითრეალიზების შესაძლებლობის არარსებობისა და უმუშევრობის გამო დატოვეთ?

მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობამ შრომით ემიგრაციაში წასვლა აქტიურად 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი უმუშევრობის პრობლემა იყო და ასეა დღემდე. მეც სწორედ ამ მიზეზით აღმოვჩნდი ჯერ ისრაელში, ხოლო შემდეგ – იტალიაში.

ისრაელში რანდენ ხანს იმყოფებოდით და იტალიაში როგორ აღმოჩნდით?

ისრაელში 7 წლის განმავლობაში ვიყავი. ეს მთელი საუკუნეა დედისათვის, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს და უზომოდ ენატრება. მიუხედავად დიდი პრობლემებისა (რომლებსაც დასასრული არ უჩანდა), მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნებოდი შვილს. დავბრუნდი. ჩემი ქალიშვილი დაოჯახდა. შეგვეძინა შვილიშვილი, იაკობი, ვინც მზის სხივი შემოიტანა ჩემს გულში. შვილიშვილი ენით აუწერელი ბედნიერებაა, უფლის დიდი საჩუქარია.

პირველი შვილიშვილი, იაკობ წაქაძე

სამწუხაროდ, სულ რაღაც ერთ წელიწადში ისევ მომიხდა უცხოეთში წასვლა სამუშაოს საძებნელად. ამჯერად უკვე იტალიაში წამოვედი.

კონკრეტულად სად ხართ ახლა, რომელ ქალაქში?

15 წელია, ისევ ემიგრანტი ვარ. ამჟამად იტალიაში, პიზასთან ახლოს პატარა დასახლებაში ვცხოვრობ. იმისათვის, რომ აქ დავმკვიდრებულიყავი, დიდი შრომა და წვალება დამჭირდა. რეალურად აქ არავინ გიცნობს, ვინ ხარ, საიდან ხარ, რატომ ჩამოხვედი – არავის აინტერესებს. ბევრი ოჯახი გამოვიცვალე. შიში, შიმშილი, ენის არცოდნა, „დამსაქმებლები“, რომელთა უმეტესობაც უსულგულო ადამიანია…

ეს საშინელი დრო დიდი ხანია უკან მოვიტოვე, მივეჩვიე აქაურ ყოფას. დავიწყე ფიქრი, მომეხდინა საკუთარი თავის რეალიზება. მუდმივმა ძიებამაც არ დააყოვნა. იტალიაში „ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება“ დავაფუძნე, რომელიც უკვე თითქმის 10 000 წევრს ითვლის. ყოველდღე უამრავი ადამიანი უერთდება ჩვენს ქალთა გაერთიანებას.

ადამიანთა სიმრავლემ მიმახვედრა, რომ არ უნდა დაველოდოთ საჭირო დროს, შესაფერის სიტუაციასა და მზადყოფნას. მივხვდი, რომ ყოველთვის უნდა ვიყო მზად შევქმნა შესაფერისი სიტუაცია და დროც მაშინვე დადგება საქმის კეთებისათვის. იმასაც მივხვდი, რომ არასდროს არ უნდა შეგეშინდეს!.. რომ შიშის დაძლევა აუცილებლად მომიტანდა წარმატებას.

შედეგი? რას შეადარებდით თქვენს დღევანდელ ყოფას?

მადლირებისათვის უხვად აჯილდოებს უფალი ადამიანებს.

მადლიერი ვარ, რომ ვიპოვე ჩემი საქმე: ესაა ქსელური მარკეტინგი – უდიდეს ამერიკულ  კომპანია „ჯენეს გლობალთან“ ვთანამშრომლობ. „ჯენესი“ გახდა ჩემთვის გატაცების წყარო. მადლობა უფალს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. კიდევ ერთხელ ვიპოვნე საკუთარი თავი. დაუღალავი შრომით, სწავლებით, რასაც კომპანია მოითხოვს, მალე გავხდი მისი კვალიფიციური სპეციალისტი. წინ კიდევ 7 საფეხურია.

როდესაც რაღაც გინდა, ამისათვის ყველაფერს აკეთებ. სამყარო გეხმარება ამაში. ის მცირე დრო, რომელიც მაქვს, ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე. მოხდა სასწაული, აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომ დროის შეგრძნება დავკარგე. არა მხოლოდ მე გავხდი წარმატებული, არამედ მოვახერხე, სხვების ცხოვრებაც ძირფესვიანად შემეცვალა. მე ეს დიდი შრომის ფასად შევძელი.

სურვილი, ვყოფილიყავი გამორჩეული, ყოველთვის მქონდა. წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობამ გამხადა მიზანდასახული. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო, უნდა იყო კეთილი, გქონდეს საქმე და ხასიათი, რომელიც ყველასგან გამოგარჩევს. დღევანდელი ქმედება ჩემი სულიერი მდგომარეობაა. როდესაც მადლიერი ხარ სამყაროში საკუთარი გადაწყვეტილების, მაშინ ხარ ბედნიერი. მე „ჯენეს გლობალმა“ და „ჯენესელებმა“ ამაყი, გახარებული და ბედნიერი გამხადეს.

ია ჯაყელთან ერთად
მანჩო ჯონჯოლაძესთან ერთად

თუმცა, მიუხედავად აქტიური ცხოვრებისა, მაინც სიცარიელეს ვგრძნობ, მენატრება სამშობლო, შვილი და შვილიშვილები.

რას ეტყოდით მათ საჯაროდ, შორიდან?

ჩემ ეკო უკვე ორი ვაჟკაცის დედაა, იაკობისა და თომასი. შორიდან ვეფერები მათ და ვეუბნები, რომ ისინი ჩემი შეუჩერებელი სიხარულები არიან. როცა იღიმებიან, ჩემთვის დღესასწაულია მაშინ… მინდა იცოდნენ, რომ უზომოდ მენატრებიან, სულ მალე დავუბრუნდები და არასდროს მივატოვებ მათ.

ეკო

პატარა თომა

მოდით, ემიგრანტობის დადებით და უარყოფით მხარეებზეც ვისაუბროთ…

დიახ, ემიგრანტობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სწავლა სხვადასხვა წარმატებულ უნივერსიტეტში შეუძლიათ, უარყოფითი კი ისაა, რომ ბევრს აღარ უნდა სამშობლოში დაბრუნება; აქ ჩამოსულები საკუთარ შვილებს არ ასწავლიან მშობლიურ ენას – პირადად ვიცნობ ასეთებს. ეს საშინელებაა… უამრავი ცუდი და უარყოფითი აქვს ემიგრანტობას, ძალიან ბევრი დაკარგულია დროსა და სივრცეში. ეს სრული კატასტროფაა… ჩვენი პატარა საქართველოსთვის დიდი დანაკარგია.

რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რა სათქმელი გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე?

უცხოეთში რომ მოვდიოდი (როგორც ყველა ემიგრანტი), მეგონა, მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვბრუნდები, საცხოვრებელი სახლის გამო…

იტალიაში რა მოგწონთ და რა საერთოს ხედავთ ქართველებთან?

იტალია არის ქვეყანა, სადაც ზღაპარი ცოცხლდება.

უამრავი ადამიანის ვიზიტი მხოლოდ რამოდენიმე დიდი ქალაქის დათვალიერებით შემოიფარგლება: რომი, ვენეცია, პიზა, ფლორენცია, ნაპოლი, მილანი, ვერონა… არადა, არ არსებობს ამ ქვეყანაში კუთხე-კუნჭული, რომელიც თავისი სილამაზით არ აღგაფრთოვანებს. აქ ყველგან იპოვით რაიმე საინტერესოს და განსხვავებულს. სწორედ პატარა ქალაქებსა და სოფლებში შეიგრძნობა იტალიის ნამდვილი სული.

იტალიელები და ქართველები ხასიათით ჰგვანან ერთმანეთს: უყვართ ოჯახი და შვილებზე ზრუნვა.

საქართველო როგორ ჩანს შორიდან?

ჩემი სამშობლო ძალიან ცუდადაა. ისე ცუდადაა, არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერასოდეს ამოვა იმ ჭაობიდან, სადაც ჩაითრიეს.

თქვენი მომავლის გეგმები არ უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?

რა თქმა უნდა, უკავშირდება!.. როცა დავბრუნდები, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, შვილიშვილების აღზრდას მივყო ხელი – ამაზე დიდი და სანუკვარი გეგმა ამწუთას არაფერი გამაჩნია. საერთოდ კი, მსურს ქსელურ მარკეტინგში დიდ წარმატებას მივაღწიო.

ამ ეტაპზე მინდა, რომ დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და ადამიანებს გავუზიარო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც გამაჩნია ქსელურ მარკეტინგში. ეს საოცარი საქმეა, საინტერესო სამუშაო. შეუძლებელი არაფერია… ვინც მომყვება, სწრაფად გახდება წარმატებული და ბედნიერი. დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია.

მჯერა და წარმატებებს გისურვებთ!

დიდი მადლობა!

თქვენ მიერ დაფუძნებული ჯგუფის – „ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება“ – შესახებ რას გვეტყვით, ძირითადი პრობლემა და თქვენი სათქმელი რა არის, რაზეც მუდმივად გიწევთ ყურადღების გამახვილება? რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა?

„ქალთა გაერთიანება“ – ეს ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ ემიგრანტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც არიან გაერთიანებულნი. ეს არის ძალიან დიდი, ჯანმრთელი ოჯახი. ერთად ვწყვეტთ პრობლემებს. უამრავი ადამიანი გვწერს, ითხოვენ მატერიალურ თუ პირად დახმარებებს და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, საქველმოქმედო საქმიანობას ვეწევით, რითაც დიდ სიხარულს ვანიჭებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს დახმარება ჰაერივით სჭირდებათ. სიკეთეს ვაკეთებთ ხმაურის გარეშე. სიკეთეს ხმაური არ სჭირდება, არც დაკონკრეტება. უფლის ნებით გაკეთებულ საქმეებს უფალი შეაფასებს.

ემიგრანტებმა რა უნდა იცოდნენ? – რა გითხრათ?!.. უბრალოდ, მინდა მივმართო მათ:

გვიყვარდეს ერთმანეთი, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!

ჩვენ მივფრინავთ სიბერისკენ და ბრძოლით ვიღლებით. რაღაც დრო გვჭირდება „ფინიშამდე“, რომელიც არ ვიცით, სად არის. ერთ წრეზე ვტრიალებთ, ამიტომ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები ისე მაგრად, რომ ცხოვრებამ, მკაცრმა და დაუნდობელმა, უფსკრულში არ გადაგვჩეხოს.

დავძლიოთ შიში. ის არაფრის მაქნისია…

იფიქრეთ შინ დაბრუნებაზე. იცოდეთ, რაც არ უნდა კარგად ააწყო ცხოვრება უცხო ქვეყანაში, ის არ მიგიღებთ, ის შენი სამშობლო არასდროს იქნება. და შენ ყოველთვის ემიგრანტი გერქმევა.

ჩვენი სამშობლო საქართველოა. ის ყოველთვის გველოდება, რადგან იქაა ჩვენი ფესვები.

ავიხდინოთ ოცნება. ამას ყველანი შევძლებთ!

რა თქმა უნდა, შეძლებთ. ყველაზე მეტად რაზე დარდობთ, ქალბატონო ნინო?

ოოო… მიყვარს ეს კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება გამოვიარე, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრების.

სიცოცხლე რისთვის ღირს, თქვენი აზრით?

სიცოცხლე მშვენიერია… იმისათვის, რომ იცხოვრო, მუდმივად უნდა იშრომო.

დაბოლოს, თქვენი სურვილი…

ჩემი სურვილია დავბრუნდე საქართველოში. ვაკეთო საყვარელი საქმე. არასდროს მივატოვო ახლობელი ადამიანები და ვიცხოვრო მშვიდობიან, ძლიერ საქართველოში.

ჩემი სურვილია გვყავდეს რწმენით გაზრდილი მომავალი თაობა.

ადამიანებმა იცოდნენ, რომ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი; რომ უსიყვარულოდ ცხოვრება – გულქვაობაა, ზრუნვა ვინმეზე – უშედეგოა;

სამართლიანობა უსიყვარულოდ – გულქვაობაა; სიჭკვიანე უსიყვარულოდ – ეშმაკობაა; მეგობრობა უსიყვარულოდ – მლიქვნელობაა;

ქონება უსიყვარულოდ – სიხარბეა;

ჩემი სურვილია ქართველები ცხოვრობდნენ რწმენით და სიყვარულით.

მე თქვენ მიყვარხართ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close