დაკარგული ესპანელი ლეგენდარული სპორტსმენი გარდაცვლილი იპოვეს
ესპანეთის პოლიციამ დაასრულა წარსულში ცნობილი ესპანელი სამთო მოთხილამურის, ბლანკა ფერნანდეს ოჩოას ძებნის ოპერაცია, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
56 წლის ოჩოა ბოლოს 23 აგვისტოს ავტომობილის საჭესთან დაინახეს. ის სახლიდან მობილური ტელეფონის გარეშე გავიდა, საბანკო ბარათები კი არ გამოუყენებია. საბოლოოდ, ფერნანდესის ქალიშვილმა ოლივია ფრესნედამ პოლიციას მიმართა და საქმეში ესპანეთის ეროვნული პოლიცია ჩაერთო.
ყოფილ სპორტსმენს მადრიდის ჩრდილოეთით, სამთო მასივში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ მხოლოდ მისი „მერსედესი“ აღმოაჩინეს. ოთხშაბათს კი სამოქალაქო გვარდიამ უკვე ქალის გვამიც იპოვნა. ნათესავებმა ბლანკა ფერნანდეს ოჩოა ამოიცნეს.
იტყობინებიან, რომ ყოფილი სპორტსმენის სხეული ავტომობილიდან ორსაათ-ნახევრის სავალ მანძილზე იპოვნეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ოჩოა შვიდი-ათი დღის გარდაცვლილი იყო. იგი ჰაიკიმმგით (მთებში სიარული) იყო გატაცებული, თუმცა დაცემისგან ან ჩამოვარდნისგან მიღებული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მის ზურგჩანთაში ანტიდეპრესანტები იპოვეს, რომლებსაც იგი სვამდა.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ბლანკა სერსედილიაში მისი ძმის ქანდაკებასთან ნახა, რომელიც რამდენიმე წლის წინ კიბოთი გარდაიცვალა. „პაკიტო“ ფერნანდეს ოჩოა აგრეთვე მოთხილამურე იყო და 1972 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ესპანეთის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. მოწმის თქმით, ბლანკამ მას უთხრა, რომ მთებში ლაშქრობაზე მიდიოდა, თუმცა ზურგჩანთა არ ჰქონდა. ესპანური მედიასაშუალებები წერენ, რომ ბლანკა ფერნანდეს ოჩოამ წასვლამდე თავისი ძმის ქანდაკებას აკოცა და პირჯვარი გადაიწერა.
ბლანკა ფერნანდეს ოჩოა პირველი ესპანელი ქალია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პრიზი მოიპოვა – მან 1992 წელს ალბერვილში გიგანტურ სლალომში ბრინჯაოს მედალი აიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთს ისტორიაში მხოლოდ ორი მედალი აქვს ზამთრის ოლიმპიადებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ჯილდო ბლანკას უფროსმა ძმამ – ფრანსისკო ფერნანდეს ოჩოამ მოიპოვა: მან 1972 წელს საპოროს ზამთრის ოლიმპიადის სლალომში ოქროს მედალი აიღო, ზამთრის ოლიმპიადების პირველი და ერთადერთი ოქრო ესპანეთის ისტორიაში.
კომენტარები