პროკურატურის ახალი ბრალი ნიკა გვარამიას და ნიკა გვარამიას ახალი მუქარა: „ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე“

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა ბრალი. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

ასევე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ, კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახაბერ დამენიას და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ.

პროკურატურის მიერ 6 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილ ე. წ. ბინის ეპიზოდთან დაკავშირებით გვარამია ამბობს, რომ ამ ეპიზოდს მათ „თავზე გადაალეწავს“.

„თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე, რას ქვია, ფული არ მქონდა“, – ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მისთვის ახალი ბრალის წაყენებას.

„ბინა გაყიდა და ფული არ ქონდაო? – უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია ინტერმედიაშიო? – უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს კითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა, კი დავასაბუთე უკვე“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.

ახალი ბრალის წარდგენამდე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.

კომენტარები