უკრაინის რადამ სადეპუტატო იმუნიტეტი გააუქმა. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
კანონპროექტს, რომელიც რადაში ჯერ კიდევ 2017 წელს პეტრო პოროშენკომ წარადგინა, 3 სექტემბრის სხდომაზე საბოლოო მოსმენისას 373 დეპუტატმა დაუჭირა მხარი (აუცილებელი მინიმუმი იყო 300 ხმა).
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პრორუსულ პარტიას „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“. ამ პარტიის წევრმა ნესტორ შუფრინმა განაცხადა, რომ კანონში დეპუტატის ხელშეუხებლობის შესახებ ცვლილებები დარღვევებით იქნა მიღებული, რაც შესაძლებლობას იძლევა, საბოლოო დამტკიცების შემდეგ ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
კანონპროექტს ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
კერძოდ, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მე-80 მუხლიდან ამოღებულ იქნას პარაგრაფაი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თანხმობის გარეშე სახალხო დეპუტატებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, დაკავება ან დაპატიმრება დაუშვებელია.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, 2020 წლის პირველი იანვრიდან უკრაინელი დეპუტატების სისხლის სამართლებრივი დევნა რადის თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები