ესპანეთში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის კულინარიული ქიმია

დავით ნარიმანიშვილი მადრიდში 12 წლის წინ წავიდა. მანამდე კი საქართველოში კულინარიასთან, გარდა იმისა, რომ გემრიელი კერძები უყვარდა, არაფერი აკავშირებდა. მისი საქმიანობა თბილისში პურფუნთუშეულის პატარა სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობით შემოიფარგლებოდა.

მადრიდში დავითმა მეგობრის დახმარებით ტრადიციული ესპანური სამზარეულოს ტავერნაში დაიწყო მუშაობა, მზარეულის დამხმარედ. მაშინ კერძების მომზადება არ იცოდა, თბილისში დედას და ნათლიას ურეკავდა, ქართული კერძების რეცეპტებს იწერდა და ესპანელებს ეგზოტიკურ სამზარეულოს სთავაზობდა.

ნელ-ნელა მისმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, დავითს სტიმული მიეცა და ერთ დღესაც მიხვდა, რომ მისი ნამდვილი საქმე კულინარია იყო. გადაწყვიტა, ჰობი პროფესიად ექცია და კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში ჩააბარა, სადაც ცნობილი კულინარის, მეი ჰოფმანის სკოლა გაიარა. დღეს დავით ნარიმანიშვილს ესპანეთის გასტრონომიულ წრეებში იცნობენ, როგორც საუკეთესო ქართველ კულინარს.

უნივერსიტეტში სწავლას იგი მუშაობასაც უთავსებდა. დავითის კულინარიული კარიერის გზაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მადრიდის მაღალი კლასის რესტორანში Opium Madrid-ში მუშაობა, სადაც დიდი გამოცდილებაც მიიღო და მისი, როგორც დიდი კულინარის აღიარებაც აქედან დაიწყო. მერე მეტის სწავლა მოუნდა და სან-სებასტინის უნივერსიტეტში ჩააბარა. მუშაობს ბევრს, რის გარეშეც, როგორც თავად ამბობს, წარმატების მიღწევა მაღალი დონის გასტრონომიაში წარმოუდგენელია.

„მზარეულები, ზოგადად, ბევრს მუშაობენ, მაგრამ ესპანეთში გაცილებით სხვა შრომაა, რთული დატვირთვა გვაქვს, შეიძლება 13, 14, 15 საათი მოგიწიოს ფეხზე დგომა.

როცა ესპანეთში ჩამოვედი ენაც კი არ ვიცოდი, არც კერძების მომზადება. უნივერსიტეტში მსოფლიო გასტრონომიის საიდუმლოებებს, კულინარიულ ქიმიას ჩავწვდი, შევისწავლე ყველაფერი, რაც კი იჭმება, გასტრონომიის ისტორია და ა. შ. ახლა ყველა მიმართულების შეფ-მზარეული ვარ, ვამზადებ ყველაფერს, მაგრამ განსაკუთრებით გემრიელი და სურნელოვანი სამზარეულო მიყვარს“, – ამბობს დავით ნარიმანიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ის ხორხე ბრეტონთან და ცნობილ კულინარებთან ერთად აჭარაში ჩამოვიდა, ერთად მოამზადეს ტრადიციული ქართლი კერძები, 14 აგვისტოს კი „ქართულ-ბასკური ვახშამი“ მოეწყო, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი მენიუ შესთავაზეს.

როგორც დავითი ამბობს, საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი რეგიონების შემოვლა, გასტრონომიული ტურის მოწყობა იყო.

დავითი ბასკურ-ქართული სამზარეულოს მსგავსებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბასკეთშიც ზუსტად ისევე მიირთმევენ ლობიოს, როგორც საქართველოში – აუცილებლად წიწაკის მწნილით და სხვაგან არსად უნახავს საქართველოსა და ბასკეთის გარდა ლობიოსა და წიწაკის მწნილის კომბინაცია.

ქართველი კულინარი ახლა მაღალი კლასის ცნობილი ესპანური რესტორნების ქსელის „მასტერშეფის“ კულინარიული მიმართულების შეფია. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ათამდე დიდი რესტორნის კულინარიულ კონცეფციაზე მუშაობს. არის ამავე სახელწოდების, დანი გარსიას ცნობილი ესპანური გადაცემის, „მასტერშეფის“ კულინარიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, განსაზღვრავს, რომელ გადაცემაში რა კერძი დამზადდეს და ჰყავს კულინართა საკუთარი გუნდი ესპანურ ტელევიზიაში.

დავით ნარიმანიშვილი მადრიდში მალე საკუთარი ქართული რესტორნის გახსნასაც გეგმავს.

batumelebi.netgazeti.ge

კომენტარები