ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი დააკავეს
დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს, ირაკლი ქუმსიშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ის ადმინისტრაციული წესით, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან „ღვინის ქარხანა გალერიაში“ მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.
კომენტარები