აფეთქება და სროლა თბილისში – „ფორსაჟის“ გადაღება დაიწყო

ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა შესაძლოა სროლისა და აფეთქებების ხმამ გააღვიძოს. მიზეზი სრულიად უწყინარია: საქართველოში ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება დაიწყო.

ფილმის ეპიზოდის გადაღებასთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობა უკვე შეიზღუდა. ავტოტრანსპორტის მოძრაობას ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს.

გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალფუნქციურ ჯავშანმანქანას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში.

შეგახსენებთ, რომ „დიდგორი მეომარი” წარმოადგენს უნივერსალურ მოდულურ პლატფორმას სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის.

ჯავშანმანქანა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით გამოირჩევა.

ამ ფილმის გადაღება როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის, 425 – ადგილობრივი მცხოვრებია.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის, UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის, Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

სანამ თბილისში გადაღებები მიმდინარეობს, ცნობილი მსახიობი, „ფორსაჟის“ მთავარი გმირი დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორზე, ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

წყვილმა ქორწილი 18 აგვისტოს ჰავაიზე გადაიხადა. წვეულების დროს თავიანთი და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

47 წლის მსახიობისა და 34 წლის მომღერლის ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს: 3 წლის ჟასმინი და 1 წლის ტიანა.

Fast and Furious 9 („ფორსაჟი 9“) პოპულარული ბლოკბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები