ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე, სექციაში „ოსტატი და მისი შეგირდები“

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 16 აგვისტოს გაიმართა ფილმის „მთები, მარტოობა, სურვილი“ პრემიერა, რომლის ერთ-ერთი ნოველა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა გადაიღო.

კინოსურათი 15 ნოველისგან შედგება. თითოეულის გადაღება შვეიცარიის ალპებში მიმდინარეობდა. ვარსიმაშვილმა გადაიღო ნოველა „არჩევანი”. სცენარის ავტორია გიორგი ცხვედიანი.

ფილმი მოგვითხრობს ერთმანეთს გადამტერებული ორი ადამიანის შეხვედრაზე მთაში და იმაზე, თუ როგორ ვითარდება მათი კონფლიქტი.
თხუთმეტივე რეჟისორი ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალის პატრონაჟით შეირჩა.

გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.

ფილმი „მთები, მარტოობა, სურვილი“ წარმოდგენილი იყო სექციაში „ოსტატი და მისი შეგირდები“. პროექტს კურირებდა უნგრული საავტორო კინოს დიდოსტატი, რეჟისორი ბელა ტარი.

ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, რომელიც 1946 წლიდან შვეიცარიაში ყოველწლიურად იმართება. კინოჩვენება თავისი მნიშვნელობით მეოთხეა კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ. მან  დიდ კინოში გზა გაუხსნა არაერთ რეჟისორს – კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერჰოვენს, მილოშ ფორმანს და ა. შ. ფესტივალის გამარჯვებულს ლეოპარდის ქანდაკებას აძლევენ.

კომენტარები