კიევის აეროპორტიდან ექსტრადირების დროს გაქცეული ნარკობარონი ისევ დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კანაფის ონლაინგაყიდვების ქსელის შემქმნელი ამოს დოვ სილვერი, რომელიც 16 აგვისტოს, ექსტრადირების დროს, კიევის აეროპორტიდან გაიქცა.
ასევე დაკავებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 3 თანამშრომელი, რომლებსაც დოვ სილვერისთვის დახმარების გაწევაში ადანაშაულებენ. უახლოეს დროში დოვ სილვერს ისრაელს გადასცემენ.
დოვ სილვერი კიევში 2019 წლის მარტში დააკავეს, თუმცა აეროპორტში ისრაელში დეპორტაციის მიზნით მიყვანილი „ნარკოინტერნეტის მეფე“, ინტერნეტქსელ TeleGrass-ის დამფუძნებელი, ამოს დოვ სილვერი სამართალდამცველებს გაექცათ.
მედიის ცნობით, აეროპორტში სილვერმა საპასპორტო კონტროლი გაიარა და პოლიციამ მას ელექტროსმაჯური მოხსნა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი „დიუთი ფრის“ მაღაზიაში შევიდა და გაქრა. ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ მოახერხა ამოს დოვ სილვერმა უკრაინელი სამართალდამცველების თვალთახედვიდან გაუჩინარება კიევის აეროპორტში.
„ნარკოინტერნეტის მეფე“ ინტერნეტქსელ TeleGrass-ის მეშვეობით ნარკოტიკებს ისრაელში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ყიდდა. ქსელის მეშვეობით, ძირითადად, მარიხუანა ვრცელდებოდა, თუმცა ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ხდებოდა ასევე კოკაინისა და ექსტაზის გაყიდვაც. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
თავად სილვერი აცხადებდა, რომ მისი ინტერნეტქსელი პირველი ნაბიჯი იყო მთელ მსოფლიოში მარიხუანას ლეგალიზაციის გზაზე.
2019 წლის 10 მარტს სილვერი კიევში ჩავიდა, რაზეც Facebook-შიც დაწერა. 12 მარტს იგი კიეველმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მისი მეგობრები აცხადებენ, რომ უკრაინაში იგი მოტყუებით ჩაიყვანეს.
სილვერის დაპატიმრების შემდეგ ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც TeleGrass-თან იყვნენ კავშირში. დაპატიმრებები პარალელურ რეჟიმში ისრაელში, უკრაინაში, გერმანიასა და აშშ-ში მოხდა. თავად ქსელმა არსებობა შეწყვიტა. კიევის სასამართლომ ამის შემდეგ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა ელეტროსამაჯურის მეშვეობით.
ისრაელის პროკურატურა ამოს დოვ სილვერს და კიდევ 26 ადამიანს ნარკოტრაფიკის შექმნაში ადანაშაულებს.
კომენტარები