სკანდალი საოპერო სამყაროში – 78 წლის პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ლოს-ანჯელესის ოპერამ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით თეატრის გენერალური დირექტორის, ცნობილი ესპანელი ტენორის, პლასიდო დომინგოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო გამოძიება დაიწყო. თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭო ჩაატარებს.
სააგენტო AP-ის ინფორმაციით, 78 წლის პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში 8 მომღერალი და მოცეკვავე ქალი ადანაშაულებს. ვინაობის საჯაროდ დასახელებას მხოლოდ ერთი, მეცო-სოპრანო პატრიცია ვულფი დათანხმდა. სააგენტოს ცნობით, სავარაუდო სექსუალური შევიწროების პირველი ეპიზოდები 80-იან წლებისაა. ზოგიერთი ქალი ირწმუნება, რომ დომინგოსთან სექსუალურ კავშირზე უარის შემდეგ მათი კარიერა დაინგრა.
თავად პლასიდო დომინგო ამბობს, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ღრმა შეშფოთებას იწვევს და წარმოდგენილი სახით სინამდვილეს არ შეესაბამება.
„მძიმეა იმის გაგება, რომ შემეძლო ვინმესთვის ტკივილი და დისკომფორტი მიმეყენებინა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ხნის წინ მოხდა თუ არა და არც იმას, რომ ცუდი არაფერი მიფიქრია. მიმაჩნდა, რომ ყველა ჩემი ურთიერთობა სასურველი იყო და ორმხრივ თანხმობას ეფუძნებოდა. ვინც მიცნობს და ჩემთან ერთად უმუშავია, იციან, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც ვინმეს მიზანმიმართულად ტკივილს მიაყენებს, აწყენინებს, ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, – აცხადებს პლასიდო დომინგო.
სექსუალურ შევიწროებაში ცნობილი ტენორის დადანაშაულების გამო ფილადელფიის ორკესტრმა და სან-ფრანცისკოს ოპერამ პლასიდო დომინგოს კონცერტები გააუქმეს.
radiotavisupleba.ge
კომენტარები