ისტორიაკინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში ფიფქიას საფლავის ქვა აღმოაჩინეს

გერმანიაში ძმები გრიმების ზღაპრის, „ფიფქიას“ მთავარი გმირის პროტოტიპის საფლავის ქვა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

​როგორც ირკვევა, ფიფქიას ჰყავდა პროტოტიპი – მარია-სოფია ფონ ერტალი, რომელიც XVIII საუკუნეში ბავარიაში, ქალაქ ლორ ამ მაინში (Lohr am Main) ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, როდესაც მარია-სოფია 18 წლის შესრულდა, მამამისმა ახალი ცოლი მოიყვანა, რომელსაც გერი არ უყვარდა. ამის გამო გოგონა ტყეში არა, მაგრამ ბენედიქტელთა მონასტერში წავიდა.

ისტორიკოსები სწორედ მარია-სოფია ფონ ერტალს მიიჩნევენ ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრის პერსონაჟის პროტოტიპად.

მისი სამშობლო უღრანი ტყეებით გარშემორტყმულ შპესარტში (Spessart) იყო, რომლის სიახლოვესაც დაბალი ტანის მაღაროელები ცხოვრობდნენ. საქმე ისაა, რომ ადგილობრივი მაღაროს გვირაბები ვიწრო და დაბალი იყო, ამიტომ სამუშაოდ მხოლოდ ჩია ტანის ადამიანები აჰყავდათ. შახტში მუშაობის დროს ისინი სპეციალურ მოსასხამებს იცვამდნენ. მაღაროელები იყვნენ ჯუჯების პროტოტიპები.

მარია-სოფია ფონ ერტალის დაკრძალვის ადგილი დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა.„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მისი საფლავის ქვა ცოტა ხნის წინ შემთხვევით აღმოაჩინეს ბამბერგში, ერთ-ერთი ცნობილი სახლის მემკვიდრეებმა. საფლავის ქვა მათ კათოლიკური ეპარქიის მუზეუმს გადასცეს. ოვალური ფორმის საფლავის ქვა ნაცრისფერი მარმარილოსგანაა გამოთლილი და თეთრი ვარსკვლავები ამშვენებს.

ფიფქიას საფლავის ქვა

„ფიფქიას“ ზღაპარში არანაკლებ მნიშვნელოვანია სარკეც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ღვინის სარდაფში ეკიდა. მარია-სოფიას დედინაცვალს მართლაც ჰქონდა მოლაპარაკე სარკე, აკუსტიკური სათამაშო, რომელიც მას მეუღლემ ქორწილის დღეს აჩუქა. სარკე 1720 წელს ლორ ამ მაინში დაამზადეს. ამჟამად ის ქალაქის მუზეუმია გამოფენილი.

სარკის ჩარჩოზე დამაგრებულ ერთ-ერთ მედალიონზე ფრანგული წარწერაა „Amour Propre“, რაც ქართულად საკუთარ თავზე შეყვარებულს ნიშნავს.

გასაკვირი არაა, რომ „ფიფქიას“ შესახებ ლეგენდას ძმები გრიმები იცნობდნენ, რადგან ისინი მარია-სოფია ფონ ერტალის მშობლიური ქალაქიდან 70 კილომეტრში ცხოვრობდნენ და ამ ლეგენდაზე მშვენიერი ზღაპარი შექმნეს.

დღეს ლორ ამ მაინს „ფიფქიას ქალაქს“ უწოდებენ, რითაც უამრავ ტურისტს იზიდავენ, ხოლო შპესარტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ვიზიტორებს ლეგენდარული „ჯადოსნური სარკის“ ნახვაც შეუძლიათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close