მსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

„ძალიან მინდა, დედიკოს სამშობლოს დავეხმარო“ – დედით ქართველი 14 წლის ამერიკელი ბიჭი საქართველოსთვის ფულს აგროვებს

ჰოლანდიაში 14 წლის ბიჭი, გიორგი ვენკო ცხოვრობს, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს – თიკა სვანიძე, მამა – ამერიკელი, რობერტ ვენკო. გიორგი საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამბობს, რომ დედის სამშობლო ძალიან უყვარს და ძალიან უნდა ამ ქვეყანას დაეხმაროს.

გიორგის ქველმოქმედება უყვარს, ამბობს, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. 14 წლის ქველმოქმედი 2020NEWS-ს უყვება, როგორ დაიწყო გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება და ამბობს, რომ ეს საქმე მისი ცხოვრების მთავარი გამოწვევაა.

გიორგი ვენკო:

14 წლის წინ სინგაპურში დავიბადე. ხუთი წლის მერე საცხოვრებლად გადავედით ჩიკაგოში. ახლა ჰოლანდიაში ვცხოვრობთ. 12 წლის რომ ვიყავი, საქართველოს დახმარების სურვილი გამიჩნდა. იგივე სურვილი ჩემს ძმასაც გაუჩნდა. მე ვეხმარები ბროწლიანის სათნოების სახლს, სადაც 24 ბენეფიციარი ჰყავთ. ჩემი ძმა ლევანი – წნორის მოხუცთა სახლს, „ბეთელს“ ეხმარება.

კახეთში, ჩვენს სახლთან ახლოს, სათნოების სახლის არსებობაზე რომ გავიგე, დავინტერესდი, რა სჭირდებოდათ. აღმოჩნდა, რომ სამი რამ სასწრაფოდ იყო მოსაგვარებელი: არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა, არ ჰქონდათ წყალი და შესაკეთებელი იყო შენობის სახურავი – წყალი ჩადიოდა. ჰოლანდიაში როგორც კი ჩავედი, სკოლას გავაცანი ჩემი გეგმები, რომ სათნოების სახლის დახმარება მინდოდა. ჩავატარე პრეზენტაციები და ყველას გაუჩნდა სურვილი, რომ ამ პროექტში დამხმარებოდა. სარეცხის მანქანა ძალიან მალე ვიყიდეთ. მერე კიდევ ჩავატარეთ გარკვეული ღონისძიებები სკოლაში, მოგვიანებით საქველმოქმედო კონცერტი გავმართეთ.  დედიკო დამეხმარა და ნინო ჩხეიძე და დათუნა მგელაძე ჩამოვიდნენ საქართველოდან ჰოლანდიაში. კონცერტი გამართეს. შემოსული თანხით წყალი გავიყვანეთ, ახლა გვინდა, რომ სახურავი გამოვცვალოთ. წვიმის დროს წყალი რომ ჩადის, რაღაცები ფუჭდება. წყლისთვის 10 000 ევრო მოვაგროვე. ჭაბურღილი გაკეთდა და წყალი უპრობლემოდ აქვთ. მანამდე წყალს ყიდულობდნენ. სახურავის გამოცვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, 20 000 ევრომდეა საჭირო, მაგრამ ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ.

საქართველოში რომ დაელაპარაკო ვინმე ქველმოქმედს და სათნოების სახლს დაეხმარო, მაგაზე არ გიფიქრია?

მამა ამბობს, რომ არ ღირს საქართველოში ვინმესთვის ქველმოქმედებისთვის ფულის თხოვნა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან ღარიბია, ხალხს დაბალი ხელფასი აქვს და, შესაბამისად, არ აქვთ იმის საშუალება, რომ ქველმოქმედებაში დიდი თანხა ჩადონ. ისინი, როგორც წესი, ამჯობინებენ, რომ ნათესავებს და ახლობლებს დაეხმარონ. მართალია, ჩვენ გვყავს მდიდარი ადამიანებიც, მაგრამ ისინი ხომ ყველას დახმარებას ვერ შეძლებენ.

სათნოების სახლის დახმარების შემდეგ რა გინდა რომ გააკეთო, რა გეგმები გაქვს?

ამ პროექტს რომ დავამთავრებ, მინდა, სხვა სათნოების სახლებსაც დავეხმარო. როგორც გავიგე, მხოლოდ კახეთში შვიდი სათნოების სახლი ყოფილა. მინდა, თანხა მოვაგროვო და სხვა გაჭირვებულ ხალხს დავეხმარო.

შენი მომავალი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია, რომელ ქვეყანაში გინდა, რომ იცხოვრო?

ჯერ არ ვიცი. მინდა, გავაგრძელო მოგზაურობა. საქართველოში ალბათ ხშირად ჩამოვალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველებს დავეხმარო. ჰოლანდიაში ასეთი გაჭირვებული ხალხი არ არის. ჰოლანდიაში უფრო მეტად შეუძლიათ ხალხს დაეხმარონ, ვიდრე საქართველოში.

საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე?

წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოვდივართ. შემოდგომაზე რთველში ჩამოვდივართ, მერე თებერვალში გუდაურში სასრიალოდ მივდივართ ხოლმე. საქართველო ძალიან მიყვარს, აქ ჩამოსვლა მიყვარს, ლამაზია და დედიკოს ძმა და ჩემი ბიძაშვილები აქ ცხოვრობენ.

 ქართულის სწავლა არ გაგიჭირდა?

სკოლაში ინგლისურად ვლაპარაკობ, მაგრამ დედიკომ ბავშვობიდან ქართულიც გვასწავლა. ქართულად კითხვა და წერა კარგად ვიცი. ძმებთან ხან ინგლისურად ვსაუბრობ, ხან ქართულად. მამას ქართული კარგად ესმის. შეუძლია, თუმცა არ ლაპარაკობს. სკოლაში ჰოლანდიურს ვსწავლობ უკვე მეოთხე წელია და ასევე ვსწავლობ ჩინურს. მამამ იცის კარგად ჩინური და ის ამბობს, რომ ქართული გრამატიკა ჩინურზე ბევრად რთულია.

როგორ გაიცნეს ერთმანეთი შენმა მშობლებმა?

როგორც მიყვებიან, დედა და მამა ერთმანეთს ამსტერდამში თხუთმეტი წლის წინ შეხვდენენ. ორივე ბარსელონაში მიდიოდა. დედას საკუთარი ბიზნესი აქვს. უცხოელები საქართველოში და კავკასიაში ჩამოჰყავს  კომპანია „თიკატურის“ საშუალებით.  ამსტერდამიდან ბარსელონაში მიმავალ დედას მამა გამოელაპარაკა. როდესაც გაიგო, რომ ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა, ჰკითხა, რომელ ქვეყანაში დაჰყავდა ტურისტები. როცა გაიგო, დედა საქართველოდან იყო, ძალიან გაუხარდა. უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა და საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რადგან ვიზა არ მისცეს. უთხრა, შენმა ლამაზმა ქვეყანამ ვიზა არ მომცაო. დედამ თავისი დახმარება შესთავაზა, თუმცა დეტალები ჯობია, დედამ გიამბოთ.

თიკა სვანიძე:

ჰოლანდიურად ვლაპარაკობდით. ვიფიქრე, ამდენი წელია, ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ასეთი საინტერესო მამაკაცი არ მინახავს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, ამსტერდამში იყო დაბადებული, მაგრამ მითხრა, ამერიკელი ვარო. ეს თხუთმეტწუთიანი შეხვედრა იყო და ერთი ნახვით შეყვარება. შეხვედრიდან ძალიან მალე ნიუ-იორკში ვიქორწინეთ. საქართველოში პირველად რომ ჩამოვიდა, ჯვრის მონასტერი მოვინახულეთ. მეექვსე საუკუნის ტაძარმა მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. საქართველო პირველივე ნახვით შეუყვარდა.

მეუღლე რას საქმიანობს?

ერთ-ერთი უძველესი ჰოლანდიურ-შვედური ქიმიური კომპანიის „აქსო-ნობელის“ ვიცე-პრეზიდენტია. დაქორწინების შემდეგ ამერიკაში ვცხოვრობდით, მაგრამ მერე სინგაპურში გადაიყვანეს და იქ  გადავედით  საცხოვრებლად. სინგაპურში ექვსი წელი ვცხოვრობდით. სამი ბიჭი გვყავს. სამივე იქ დაიბადა – გიორგი, ლევანი და თემური. მერე ჩემს მეუღლეს ჩააბარეს ამერიკის და სამხრეთ ამერიკის ბაზარი. სამი წელი ვიცხოვრეთ ჩიკაგოში. მერე შვეიცარიაში ჩააბარეს ამერიკის და აზიის ქვეყნები. დავბრუნდით ამსტერდამში, სადაც უკვე ექვსი წელია ვცხოვრობთ.

სამივე შვილს ქართული სახელი რატომ დაარქვით?

პირადად მე არც კი წარმომედგინა ბავშვებისთვის არაქართული სახელების დაძახება, მაგრამ მეუღლეს ამას არც ვეუბნებოდი. თვითონვე მითხრა, რომ ბავშვებს ქართული სახელები უნდა დავარქვათ, გვარი არ ექნებათ ქართული და როდესაც ჰკითხავენ, რას ნიშნავს მათი სახელი, საშუალება ექნებათ, რომ ქართველ დედაზე ილაპარაკონო. ამის მერე ჩემი მეუღლის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამიასმაგდა. მისმა ნათქვამმა ჩვენი სიყვარული გააძლიერა. ძნელია სამშობლოდან შორს ცხოვრება. ამსტერდამში მცხოვრები ქართველები სულ ვცდილობთ, რომ შევიკრიბოთ. ქართული კულტურის ცენტრი ჩამოვაყალიბე, სადაც უკვე ექვსი წელია, ტარდება ქართული ცეკვის გაკვეთილები. გვაქვს ეკლესია, სადაც წირვა ქართულ ენაზე ტარდება. ბევრ კონცერტს ვატარებთ. მაისში ზუგდიდის თეატრს ველოდებით, ოქტომბერში აფხაზეთის დღეები ჩატარდა. ქართველებისთვის, რომლებიც 30 წელია, საქართველოში არ ყოფილან, ჰაერივით საჭიროა ყველაფერი ქართული.

მსგავს თემაზე: თიკა სვანიძე-ვენკო: „მუდამ ვიქნები სულიერად დაკავშირებული საქართველოსთან“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close