შეცოდა თუ არა ჰიტლერის ბებიამ და ვინ იყო ჰიტლერის ებრაელი პაპა?

მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ჰანს ფრანკმა 1946 წელს განაცხადა, რომ ფიურერის პაპა ებრაელი იყო, ამასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა და მოსაზრებები აღარასდროს შეწყვეტილა. ახლა ამერიკელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ავსტრიის არქივებში ამ მოსაზრების დამადასტურებელი ინფორმაცია მოიპოვა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა FOCUS-ი წერს.

„ჰანს ფრანკის მემუარებმა გამოქვეყნების შემდეგ სენსაცია მოახდინა. ფრანკის მტკიცებით, მან 1930 წელს აღმოაჩინა, რომ ჰიტლერის პაპა (მამის ხაზით) ებრაელი იყო და ავსტრიის ქალაქ გრაცში ცხოვრობდა. ჰიტლერის ბიძაშვილმა უილიამ პატრიკ ჰიტლერმა თითქოსდა ფიურერის სახელზე წერილი დაწერა, რომელშიც იმუქრებოდა, რომ საზოგადოებას ამის შესახებ მოუყვებოდა. ამასთან დაკავშირებით, ჰიტლერმა ჰანს ფრანკს იურიდიული დახმარების გაწევა სთხოვა“, – წერია სტატიაში.

„თავისი გამოძიების ფარგლებში ფრანკი ამტკიცებდა, რომ მან 1836 წლით დათარიღებულ წერილს მიკვლია, რომელიც ჰიტლერის ბებიამ გვარად ვინმე ფრანკენბერგერს გაუგზავნა ოჯახში, სადაც თავად მუშაობდა. წერილის თანახმად, ამ ადამიანს ჰყავდა 19 წლის ვაჟი, რომლისგანაც შინამოსამსახურე დაფეხმძიმდა… ამ მიმოწერიდან ჩანს, რომ ფრანკენბერგერი თანახმაა ბავშვს 14 წლამდე ალიმენტი გადაუხადოს… ჰიტლერის პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ფრანკენბერგერი და მისი ვაჟი ებრაელები იყვნენ“, – წერია სტატიაში.

ეს მოსაზრება ყოველთვის საეჭვო იყო, რადგან ამის დამადასტურებელი წერილები ფრანკის გარდა არავის აღმოუჩენია, თუმცა ახლა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Journal of European History-ში  სტატია გამოაქვეყნა ამერიკელმა მკვლევარმა ლეონარდ საქსმა, რომელიც არა ისტორიკოსი, არამედ ექიმია და ექსპერტი გენდერულ საკითხებში.

გამოცემის ცნობით, პირველად ავსტრიელმა ნიკოლაუს ფონ პრერადოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში და მთელ შტირიაში არცერთი ებრაელი არ ცხოვრობდა. იგი ერთ-ერთ სტატიაში წერდა, რომ ამაში გრაცის არქივების შესწავლამ დაარწმუნა, რადგან 1820-დან 1860-მდე წლებში ქალაქ გრაცში არავინ იყო რეგისტრირებული ფრანკერბერგერის გვარით.

ამერიკელმა მკვლევარმა ლეონარდ საქსმა კი გამოარკვია, რომ პრერადოვიჩი რადიკალური მემარჯვენეების მომხრე იყო და ჰიტლერი მის აღფრთოვანებას იწვევდაპრერადოვიჩი ირწმუნებოდა, რომ გრაცში პირველი დასახლებული ებრაელების შესახებ ცნობები 1856 წლიდან თარიღდება. „საქსმა აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პატარა ებრაული საზოგადოების არსებობა ქალაქში უკვე 1850 წელს“. ამასთან დაკავშირებით მკვლევარი მიიჩნევს, რომ ებრაელები გრაცში 1836 წელსაც ცხოვრობდნენ. ოფიციალურად მაშინ ებრაელებს შტირიაში ცხოვრება ეკრძალებოდათ. თუმცა საქსის ვარაუდით, საქმიან ადამიანებს, როგორიც იყო ფრანკენბერგერის ოჯახი, გრაცში არალეგალურად ცხოვრება და იქ ბიზნესის კეთება შეეძლოთ.

„ამგვარად, სრულად შესაძლებელი იყო, რომ ჰიტლერის ბებიას ებრაელების ოჯახში ემუშავა და დაორსულებულიყო ბიჭისგან, რომელიც მასზე 23 წლით უმცროსი იყო. სწორედ ეს შეიძლება ასევე იყოს იმის მიზეზი, რომ ბიჭის მამა ნებაყოფლობით იხდიდა ალიმენტს, ვინაიდან ეშინოდა სასამართლო პროცესების დროს არ გამჟღავნებულიყო გრაცში მისი არალეგალურად ცხოვრების ამბავი“, – წერს გერმანული გამოცემა Focus-ი.

ცნობისათვის:ჰიტლერმა და მისმა ხელისუფლებამ 5,5 მილიონი ებრაელი გაანადგურეს, რომლებსაც ნაცისტები უნტერმენშენს (Untermenschen — არაადამიანები) უწოდებდნენ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები