საზოგადოებასაქართველოსპორტი

ბალავაძე-კარტოზიას საერთაშორისო ტურნირი

18 ქვეყნის 300-ზე მეტი ფალავანი მონაწილეობდა თავისუფალ და ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც თბილისის ოლიმპიურმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ამ ასპარეზობას საინტერესო ისტორია აქვს. თავისუფალ ჭიდაობაში თბილისის საერთაშორისო ტურნირი პირველად 1962 წელს გაიმართა. სპორტის ამ სახეობაში ეს მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო. იმ წელს ქართველმა ფალავნებმა მშვენივრად იასპარეზეს და ათიდან ხუთ წონაში გაიმარჯვეს. ტურნირის პირველი ჩემპიონები გახდნენ: ზაურ შეყრილაძე, ვლადიმერ რუბაშვილი, ზარბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე და შოთა ლომიძე. მაშინვე საზეიმოდ აღინიშნა ლეგენდარული ფალავნის, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონის არსენ მეკოკიშვილის 50 წლის იუბილეც.

ასე დაიწყო იმ ასპარეზობის ისტორია, რომელიც მალე ჭიდაობის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირად იქცა და სამართლიანად მოინათლა ,,მსოფლიოს მცირე ჩემპიონატად“. 1972 წელს ტურნირს მისი დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორისა და უცვლელი მთავარი მსაჯის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ვახტანგ ბალავაძის სახელი ეწოდა.

სამწუხაროდ, 1991 წელს პოპულარული ასპარეზობის „ოქროს ხანა“  გასრულდა და ერთხანს ის აღარ იმართებოდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გივი კარტოზიას სახელობის ტურნირების გაერთიანება გადაწყდა, თუმცა ეს უფრო ამიერკავკასიის მოჭიდავეთა პაექრობა იყო და არაფრით ჰგავდა ოდესღაც სახელგანთქმულ ტურნირს. შემდეგ ეს ასპარეზობებიც დავიწყებას მიეცა.

და აი, შარშან ტურნირი აღდგა და კვლავ დაბრუნდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ამბობს, ჭიდაობის მესვეურები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა  ასპარეზობამ ძველი პრესტიჟი დაიბრუნოს და ყოველწლიურად სულ უფრო ძლიერ შემადგენლობას მოუყაროს თავი. მით უფრო, რომ ჭიდაობაში რეიტინგების სისტემა მკვიდრდება და ჩვენი ტურნირიც  ერთ-ერთი სარეიტინგო ასპარეზობა გახდა.

წელს ყველაზე სოლიდური დელეგაციით ირანელები გვესტუმრნენ. ძლიერი გუნდი ჩამოიყვანეს ინდოელებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში სერიოზული მიღწევები აქვთ, რაშიც ინდოეთში მომუშავე ქართველ მწვრთნელებსაც მიუძღვით დიდი წვლილი. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჩამოვიდნენ მოჭიდავეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

საქართველოს ნაკრების კანდიდატებისთვის ამ შეჯიბრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვინაიდან მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რამდენიმე წონაში, მწვრთნელებს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებიათ. ნაკრების ზოგიერთი წევრი კი ასპარეზობიდან თავისუფალი იყო. მაგალითად,  რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო პირველობისათვის ინდივიდუალური გეგმით ემზადება. სამაგიეროდ ფეხზე ოპერაციის შემდეგ შეჯიბრზე პირველად ვიხილეთ მსოფლიო ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი. როგორც გენო პეტრიაშვილისა და ლადო ხინჩეგაშვილის აღმზრდელმა, ცნობილმა მწვრთნელმა ნუგზარ სხიერელმა გვითხრა, გენო ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის, ფეხი ბოლომდე არ მოშუშებია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა დრო რჩება და ძალების მოსინჯვა აუცილებლად ჩათვალეს. საბოლოოდ, თბილისის ხალიჩაზე მსოფლიო ჩემპიონს ღირსეული მეტოქეობა ვერავინ გაუწია და 125 კგ წონაში ოქრო პეტრიაშვილს დარჩა.

სულ ბალავაძე-კარტოზიას წლევანდელ მემორიალიზე ქართველმა მოჭიდავეებმა 28 მედალი  – 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 15 ბრინჯაო მოიპოვეს.

გენო პერტიაშვილის გარდა, თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ოთარ გოგავა – 57 კგ წონითი კატეგორია, ბექა ლომთაძე (61კგ), გიორგი სულავა (74 კგ) და ზურაბ ერბოწონაშვილი (79 კგ).

ორი ჩემპიონი გვყავს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: აივენგო რიკაძე (82 კგ) და მძიმეწონოსანი ლევან არაბული.

ტურნირზე ორი ინდივიდუალური პრიზი იყო დაწესებული. ცნობილი ქართველი მოქანდაკის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ტრადიციული კონკურსის „სპორტი და ხელოვნება“ სამგზის ლაურეატის, ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას ქანდაკებები იმ წონებში გათამაშდა, რომლებშიც ლეგენდარული ფალავნები ასპარეზობდნენ.

ვახტანგ ბალავაძის პრიზი თავისუფალ ჭიდაობაში 74 კგ წონაში გამარჯვებულ გიორგი სულავას ერგო, რომელმაც ფინალში თემურ ბერუაშვილი დაამარცხა. ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში გივი კარტოზიას პრიზს კი 82 კგ წონის ჩემპიონი აივენგო რიკაძე დაეუფლა. რიკაძემ ფინალური ბრძოლა აზერბაიჯანელ რაგიფ ჰუსეინოვს მოუგო.

ჭიდაობის ქომაგები ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ელოდებიან, სადაც ჩემპიონატის ჯილდოებთან ერთად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. მსოფლიო ჩემპიონატს 14-22 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქი ნურსულთანი უმასპინძლებს.

თამარ ბალავაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close