იტალია: აფრიკულ ანტიციკლონს შაბათ-კვირიდან ისევ უამინდობა შეცვლის
აფრიკულ ანტიციკლონს, რომელმაც იტალიის ტერიტორიაზე მაღალი სიცხე გამოიწვია, მომავალი უქმეებიდან ისევ უამინდობა შეცვლის ცივი ატლანტიკური ჰაერის მასების გავრცელების გამო; მოსალოდნელია თავსხმა წვიმა, ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი – ამის თაობაზე, 3bmeteo.com-ის მეტეოროლოგის, ედოარდო ფერარას ინფორმაციაზე დაყრდნობით, ANSA წერს. უამინდობა, უმეტესად, იტალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდება თავს, სადაც ტემპერატურა 10 გრადუსით დაიკლებს.
„ანტიციკლონური კოლაფსის პირველი ნიშნები მომავალი პარასკევიდან გამოჩნდება, – განმარტავს ფერარა, – ჭექა-ქუხილით ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში (Centronord) – ძირითადად, მთაში და ცენტრალურ-ჩრდილოეთ აპენინებში, თუმცა ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება მოსალოდნელია შაბათსა და კვირას შორის პერიოდში თავსხმა წვიმების და ჭექა-ქუხილის თანხლებით, რომელიც ძლიერი ინტენსივობის იქნება: ცივი ატლანტიკური ჰაერის მასების და ცხელი ტენიანი ჰაერის მასების შეჯახების გამო შტორმი, სეტყვა და ქარიშხალია მოსალოდნელი. ჩრდილოეთის ყველა რეგიონის გარდა, აგრეთვე, დაზარალდება ტოსკანა, უმბრია, ლაციო, მარკე, რომანია. სამხრეთში შტორმი მოსალოდნელია კამპანიაში და ნაკლებად – სამხრეთის დანარჩენ რეგიონებში.
მეტეოროლოგის თქმით, პარასკევამდე ძლიერი სიცხე, ძირითადად, ყველგან შენარჩუნდება.
„სიცხის ეს მესამე ტალღა ცოტა ნაკლები ინტენსივობისაა, – ამბობს ედოარდო ფერარა, – ვიდრე ივნისის ბოლოს იყო“. მისივე განმარტებით, პიკი – 36-38 გრადუსი მოსალოდნელია ვალპადანაში (პადანის დაბლობი), სიცხე 39-40 გრადუსს მიაღწევს ტოსკანის, ლაციოს, სარდინიის და უმბრიის შიდა ტერიტორიებზე; სანაპიროს გასწვრივ შედარებით ნაკლები სიცხე იქნება, თუმცა ზოგიერთ ადგილას მაღალი ტემპერატურა მაინც დაფიქსირდება, განსაკუთრებით ლიგურიაში, თუმცა სანაპიროზე, სადაც ზოგჯერ ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს მიაღწიოს, ძირითადად, თერმომეტრის სვეტი 30-32 გრადუსს დააფიქსირებს.
წყარო: ansa.it
კომენტარები