საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო. DOUBLEMAN – ასე ჰქვია ქართულ-ტაილანდურ კოპროდუქციას, რომელზეც ტაილანდური კომპანია KATANA MOTION PICTURES-ი ქართულ GEORGIAN FILM PRODUCTION-თან თანამშრომლობით იმუშავებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამჟამად გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარსს, თაკო ჟღენტის ინფორმაციით, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპების ისტორიაზე.

„პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები“, – აღნიშნა ჟღენტმა. მისივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ სცენებში 1870-იანი წლების ნიუ-იორკში ხდება მოქმედება.

ტელესერიალის გადაღებები 30 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 380-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 26 განაცხადი, საიდანაც უკვე დასრულდა 15 ფილმის გადაღებები, 11 ფილმის გადაღებები კი ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 67 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი სულ 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები