უკრაინის რადამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო კანონი, რომელიც პედოფილების ქიმიურ კასტრაციას ითვალისწინებს. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აგრეთვე, შეიქმნება საჯარო რეესტრი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
კანონის თანახმად, ქიმიური კასტრაციის ნორმა არ შეეხება 18 წლამდე ასაკის და 65 წელს გადაცილებულ პირებს.
დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერს.
კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ოფიციალურად, უკრაინაში ბავშვის გაუპატიურების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი ივნისში აშშ-ის ალაბამის შტატში ამოქმედდა.
რუსეთის ფედერაციაში პედოფილების ქიმიური კასტრაცია 2012 წელს დაკანონდა.
ცნობისათვის: ქიმიური კასტრაცია არის ორგანიზმში სპეციალური სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ლიბიდოს და სექსუალურ აქტივობას ამცირებს. ქირურგიულისგან განსხვავებით, ის არ არის სტერილიზაციის პროცედურა, თუმცა პრეპარატების მოქმედების უარყოფითი შედეგი შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნდეს.
ეს პრაქტიკა ზოგიერთი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება, ჯერ გამოუკვლეველი გვერდითი მოვლენების და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის მიუხედავად.
ნიკო აბაშიშვილი
მსგავს თემაზე: იტალიის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ
კომენტარები