კინო/ფილმებისაქართველო

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის კინოპროექტმა იერუსალიმში ორი ჯილდო მოიპოვა

ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის კინოპროექტმა „მეოთხე ბრაიტონი“ სემ შპიგელის სახელობის იერუსალიმის კინოფესტივალის საერთაშორისო ლაბორატორიის ორი სოლიდური ჯილდო მიიღო. ამის შესახებ „SPUTNIK-საქართველო“ წერს თავად რეჟისორის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ქართველი რეჟისორი სექციის Work in progress პრიზების მფლობელი გახდა. მას ერგო ჟიურის პრიზი 25 ათასი დოლარის ოდენობით და ჯილდოები ფრანგული სადისტრიბუტორო კომპანია ARP Selection-ისგან, ასევე, 25 ათასი დოლარი. ამგვარად, კომპანია ARP-მ მომავალი ფილმის საფრანგეთში კინოგაქირავების უფლება მოიპოვა.

საკონკურსო სექციის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი კინოპროდიუსერები, აგრეთვე, ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები.

ფილმის გადაღება ლევან კოღუაშვილმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. გადაღებების ძირითადი ნაწილი 2018 წელს დასრულდა, თუმცა ფილმი არასაკმარისი ბიუჯეტის გამო დასრულებული არ არის.

„იმის გამო, რომ აქამდე, სამწუხაროდ, ფილმის „მეოთხე ბრაიტონი“ დამთავრების სახსრები არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო იერუსალიმის ფესტივალის სექციაში Work in progress. დაფინანსება მივიღეთ და ამიერიდან შევძლებთ გადაღების პროცესის განახლებას. ფილმი, სავარაუდოდ, დასრულდება და ეკრანებზე გამოვა 2019 წლის შემოდგომაზე”, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას რეჟისორმა.

დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულ არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას“. ის მტვირთავად მუშაობს და გაჭირვებით ირჩენს თავს.

ფილმში მთავარ როლს ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი შეასრულებს, მასთან ერთად ითამაშებენ კახი კავსაძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი და თემო გვალია.

იერუსალიმის კინოფესტივალის საერთაშორისო ლაბორატორია ფილმებზე სამუშაოდ ნიჭიერ რეჟისორებს იწვევს ისრაელიდან ან სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალი 1984 წლიდან ტარდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close