საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირს ენდობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირს ენდობა, 80% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა 2019 წლის თებერვლიდან აპრილამდე და ის პირისპირ ინტერვიუებს ემყარებოდა 1000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„უკვე ოთხი წელია კვლევები ყოველწლიურად ტარდება, აქედან პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში. შედეგები წარმოდგენილია ექვსი ქვეყნიდან ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში“, – წერია განცხადებაში.
ძირითადი შედეგები ასე გამოიყურება:
საქართველოს მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირს ენდობა (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ).
საქართველოს მოსახლეობის 50% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და მხოლოდ 4%-ს აქვს უარყოფითი აზრი.
საქართველოს მოსახლეობის 74% (16%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას და 62% მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები