გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში პუტინის გინების გამო უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა
7 ივლისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უშვერი გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა პუტინისადმი თავის მიმართვაში გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.
გაბუნიას ამ „დემარშს“ ტელეკომპანისათან საპროტესტო აქცია მოჰყვა, შეკრებილები არხის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიასთან საჯარო ბოდიშს და მისი არხიდან წასვლას ითხოვდნენ. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის წინ მიმდინარე აქციის ფონზე, თანამშრომლების უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე, მაუწყებლობის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 8 ივლისს, ღამის 2 საათსა და 17 წუთზე მაუწყებლობა შეაჩერა.
„რუსთავი 2“-ის ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინება ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა. მათ გაბუნიას მონოლოგს „საშიში პროვოკაცია“ უწოდეს.
საპროტესტო აქციამ კერძო ტელევიზიის წინააღმდეგ დილის ხუთის ნახევრამდე გასტანა, დაშლამდე პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის იყო ისიც, რომ „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა აღარ აღადგინოს, გაბუნიამ და გვარამიამ სამსახური დატოვონ.
8 ივლისს, დილის 7 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა დილის გადაცემით – „დილა მშვიდობა საქართველო“.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების საბჭომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები