ჭოპორტში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები დაუმტვრიეს
ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ითხოვს, რომ სოფელ ჭოპორტში ძაღლის წამების საქმე გამოიძიონ. როგორც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის FACEBOOK-გვერდზე წერია, თავშესაფარს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია სოფელ ჭოპორტში სადისტურად ნაწამები ჰასკის შესახებ.
„კერძოდ ჯალათის სახელი, გვარი და სურათი. მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს მისი სახე, გვარი და სახელი, რადგან შსს-ს იმედი ნაკლებად გვაქვს რომ დასჯის დამნაშავეს (მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთ დანაშაულზე სულ ახლახან გაამკაცრეს). სოფელ ჭოპორტის მცხოვრები არსენა ვეშაგური, რომელმაც თანამზრახველ ვინმე გოგიტასთან (ზედმეტსახელად კოსტა) ერთად მავთულით ჩამოკიდა ეს ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია. ძაღლი ქალბატონმა ელენე ათაბეგაშვილმა წუხელ გვიან ჭოპორტიდან ჩამოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში. დილით გვყავდა ვეტ-კლინიკა აიბოში. ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება“, – წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სოცქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო, რის ფარგლებშიც მოხდება კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, მათთან გასაუბრება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
საქართველოს პარლამენტმა ცხოველებისა და ფრინველების წამებასა და მოკვლაზე სასჯელის გამკაცრებას მხარი მაისის ბოლოს დაუჭირა.
კომენტარები