პირველად ისტორიაში: ვერდის საერთაშორისო ფესტივალი იტალიიდან საქართველოში გადმოინაცვლებს
დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედების თაყვანისმცემლები საქართველოში შეიკრიბებიან, – ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 16 აგვისტოს გაიხსნება.
ფესტივალის ერთსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ის პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმის ფარგლებს. გასულ წელს გაფორმდა სამწლიანი ხელშეკრულება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია.
თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის და არტისტების გარდა ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები – დირიჟორები, მომღერლები, რეჟისორები.
ფესტივალის პარტნიორია უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპელებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და ფესტივალის მსვლელობას გააცნობს.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში კომპოზიტორის დაბადების დღეს – 10 ოქტომბერს ტარდება. ვერდის ფესტივალის ჩატარების ტრადიციული ადგილებია რამდენიმე ცნობილი სცენური მოედანი: პარმის სამეფო თეატრი, ჯუზეპე ვერდის თეატრი ბუსეტოში და ფარნეზეს თეატრი პარმაში.
ტრადიციულად, ფესტივალის პროგრამაშია პრესტიჟული კონცერტები და ღონისძიებები, რომლებიც ვერდის იუბილეს ეძღვნება. საღამოებზე სრულდება მაესტროს ისეთი ცნობილი ოპერების ახალი და კლასიკური ვერსიები, როგორიცაა: „აიდა“, „ოტელო“, „ფალსტაფი“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „მაკბეტი“, „ჟანა დ’არკი“ და „ტრუბადური“.
კომენტარები