ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

პირველი ქუთაისური ელექტრომობილის დიზაინს TSIKOLIA შექმნის

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია კომპანია „აი გრუპის“ ქართული ბრენდის ნიშნით გამოშვებული ელექტრომობილების დიზაინზე იმუშავებს. ციკოლიას თქმით, იგი კომპანიის მიერ დაწყებულ სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.

„საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება და დარწმუნებული ვარ ამ რთულ გზაზე ჩვენ, მთელი გუნდი და მთლიანად საქართველო დიდ წარმატებებს მივაღწევთ!!!!!“, – წერს ზვიად ციკოლია თავის ფეისბუქგვერდზე.

ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას სახელი მომავალთან, ინოვაციებთან და დიზაინის სფეროში ახალ სიტყვასთან ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლიამ 1986 წელს ფოთში, რესპუბლიკურ კონკურსზე სატვირთო მანქანის დიზაინის შექმნისათვის გრან პრი აიღო. 1987 წელს მოსკოვში, „სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე“ წარადგინა ტრაილერის დიზაინი, რაშიც ბრინჯაოს მედალი მიიღო. 1993 წელს იგი Air Georgia–ს მთავარი დიზაინერი გახდა. 1997 წელს მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს ფრანკფურტის ავტოსალონზე, სადაც წარადგინა სრულმასშტაბიანი Bugatti-ს მოდელი. 2001 წელს მან მიწვევა მიიღო კომპანია Peugeot-სგან კონსულტანტის თანამდებობაზე.

2007 წელს ქართველი დიზაინერი მონაწილეობდა Villa D’Este-ს გამოფენაზე და ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონის გამოფენაზე. იმავე წლიდან იგი იაპონური კომპანია DCI-ის მთავარი დიზაინერია, 2010 წლიდან კი მთავარი დიზაინერია ქართულ საკონსტრუქტორო ბიურო „დელტაში“, სადაც პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორის, „დიდგორი 914“-ის, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ და მუხლუხიანი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანის, „ლაზიკას“ დიზაინი შექმნა.

2011 წელიდან ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი საათის  წარმოება დაიწყო შვეიცარიაში, 2015 წელს კი საათები მისი გვარით – TSIKOLIA გამოვიდა.

დიზაინერის ინსპირაციის ძირითადი წყაროა ავიაცია, სამხედრო ტექნიკა, სარბოლო მანქანები და ა. შ.; დიდ ყურადღებას აქცევს საათის ხარისხსა და დიზაინს. საათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო. ყოველი მოდელი უნიკალურია და იმ საავტომობილო საშუალებების, თვითმფრინავებისა თუ გემების სახელობისაა, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.

ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებული შვეიცარიაშია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close