ლიტერატურა/წიგნებიინტერვიუ

ნანა ცინცაძე: „ქართველი თავის მიწაზეა ბედნიერი…“

ქალბატონო ნანა, ალბათ ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, როგორც ვიცი, შეხვედრებიც გქონდათ თქვენი პოეზიის თაყვანისმცემლებთან. რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

დიახ, ბევრგან ვარ ნამყოფი, ბევრ ქვეყანაში შეხვედრებიც მქონია მსმენელებთან. ყველა სახელმწიფო თავისებურად საინტერესოა, გამიჭირდება გამოყოფა… მაინც აღვნიშნავ საფრანგეთს და ესპანეთს. ახალგაზრდობის წლებიდან განსაკუთებით მიყვარს პოლონეთი. მოკლედ, ვგიჟდები მოგზაურობაზე…

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ საინტერესო, თუნდაც კურიოზული თავგადასავალი, რომელიც უცხო ქვეყანაში გადაგხდენიათ?

შარშან ესპანეთში ყოფნისას მე და ჩემმა მეგობარმა, მარინა დედიაშვილმა გადავწყვიტეთ გიბრალტარის მონახულება და მალაგიდან წავედით ქალაქ ლა ლინეაში. ის იყო, მეგონა, რომ ოცნება ავისრულე, მაგრამ, როგორც საქართველის მოქალაქე, ბრიტანეთის ვიზის გარეშე არ ამიშვეს გიბრალტარზე, რადგან ის ბრიტანეთს ეკუთვნის. ასე დავრჩით პირში ჩალაგამოვლებულები.

რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი შვილიშვილები (მარიამი – 20 და ლიზა – 12 წლის) ვსეირნობთ სტამბოლის ქუჩებში. უცებ რაღაცაზე ატეხეს ჩხუბი, გადავიდნენ ხელჩართულ ბრძოლაზე და შუაში ორი ასაკოვანი თურქი მამაკაცი მოიყოლეს, რომლებმაც ვერაფრით დაადგინეს, რატომ გაილახნენ…

თუ გაქვთ რამე გამორჩეული სუვენირი უცხო ქვეყნიდან?

სტუდენტობის დროს, როდესაც პირველი მოგზაურობა მქონდა საზღვარგარეთ (მაშინ სსრკ-ის ქვეყნები საზღვარგარეთად არ ითვლებოდა), პოლონეთში ვიყიდე ოქროსფერი ჩაის სერვიზი. შემომრჩა საშაქრე, რომელიც არ მინდა, გატყდეს. მიყვარს დათო არჩვაძის მიერ ინგლისიდან ჩამოტანილი საკანფეტე, როგორც მისი საზღვარგარეთული საჩუქარი. ეს, რაც უცებ გამახსენდა…

რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად?

ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები. ისრაელის, იტალიის და ესპანეთის სამზარეულოები მიყვარს ამ კუთხით და როგორც პიკანტური – ფრანგული.

შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს?

ჩემნაირებისთვის – არა. თუმცა ხშირად დამწყვეტია გული, რომ საქართველოში ნამდვილი ნიჭიერების ფასი გროშიც არ არის.

რას ნიშნავს ქართველობა თქვენთვის და საქართველო რომ არა, სად ისურვებდით, დაბადებულიყავით?

სიამაყეს, რომ ამ წარსულის მქონე ქვეყნის შვილი ვარ; რომ ასე უსაშველოდ ლამაზია ჩემი ქვეყანა, რომ საოცრად ნიჭიერი გენის მატარებელია და უსაშველო გულისტკივილს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, პრაქტიკულად, არ არსებობს ფასეულობათა გაფრთხილება და პატივისცემა; რომ დაცლილია სოფლები და მთლიანად საქართველო, რომ ახალგაზრდებს დაკარგული აქვთ სამშობლოს სიყვარულის შეგრძება და ყველანი დაგვღალა იმ უაზრობებმა, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება…

საქართველო რომ არა, სადმე ნორმალურ სახელმწიფოში (სასურველია ქრისტიანული) ვისურვებდი დაბადებას, სადაც მექნებოდა ჩემი პიროვნების სრული რეალიზაციის შესაძლებლობა.

შეიძლება, რომ ადამიანი უცხო მიწაზე ბედნიერი იყოს?

ამ კითხვამ ტატოს „ბედი ქართლისა“ გამახსენა: „რა ხელს ყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული.“ ქართველი ემიგრანტი – არა მგონია… ქართველი თავის მიწაზეა ბედნიერი (მეტწილად). გარდა ამისა, უდიდესი ნაწილი ხომ მოსამსახურედაა წასული.

დაბოლოს, რას უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

ბედნიერებაა, როცა შენს სამშობლოში იღებ იმას, რასაც იმსახურებ. ჩვენს ემიგრანტებს ვუსურვებ იმას, რისიც თვითონ არ მჯერა, საქართველოს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე: დაბრუნდნენ მშობლიურ მიწაზე ბედნიერები და თავი იგრძნონ ადამიანებად…

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close