რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს, 10 წუთის ინტერვალით გარდაიცვალნენ
25 ივნისს, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი. ამ ტრაგიკულ ამბავს რეჟისორის გარდაცვალებიდან ძალიან მალე მეორე ტრაგედია მოჰყვა – 10 წუთში გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.
სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის, „რუსთაველის 19“-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება თავის მასწავლებელსა და მის მეუღლეს:
„მინდა სევდიანი, მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე… ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ, ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მით უმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ჰოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო… დარწმუნებული ვარ ეხლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!“
რეჟისორის სახელს უკავშირდება ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრის“ დაფუძნება, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1995 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში.
2004 წელს სანდრო მრევლიშვილის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, 2014 წელს კი დააარსა თეატრი „რუსთაველის 19“, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
სანდრო მრევლიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი იყო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები