პოლიტიკასაქართველო

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დღეს არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო და ხმის მიცემის პროცესში ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა, როგორც რიგითი დეპუტატი. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრამდე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს 20-წუთიანი გამოსვლით მიმართა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს. თალაკვაძის არჩევას ხმა მისცა 94-მა დეპუტატმა.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მიმართა რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, როგორც ასამბლეის თავმჯდომარემ. ამ ფაქტმა გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20-იდან 21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ; სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: პოლიციამ თბილისში აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close