NBA-ს საუკეთესო მოთამაშედ ბერძენი ნიგერიელი კალათბურთელი აღიარეს
საბერძნეთის მოქალაქე, მეორე თაობის ნიგერიელი ემიგრანტი იანის ანტეტოკუნბო NBA-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – მან 941 ხმა და 98 ქულა მიიღო და დიდი უპირატესობით გაუსწრო შარშანდელ გამარჯვებულ ჯეიმს ჰარდენს „ჰიუსტონიდან“ (776 ხმა და 23 ქულა).
იანის ანტეტოკუნბო (Giannis Sina Ougko Antetokounmpo, ბერძ. Γιάννης Αντετοκούνμπο) ათენში დაიბადა 1994 წლის 6 დეკემბერს. ის ნიგერიელი ემიგრანტების, ჩარლზის და ვერონიკას შვილია, რომლებიც 1991 წელს ჩამოვიდნენ საბერძნეთში. იანისი მართლმადიდებელი ქრისტიანია.
კალათბურთელი, რომლის სიმაღლეა 2,11 მ და წონა – 110 კგ, ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ბურთის გათამაშების კარგი უნარების ფლობის გამო დაცვის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. მისი სპორტული მეტსახელია „გრიკ ფრიკი“ (Greek Freak), რომელიც იანისის უნიკალურ ფიზიკურ პარამეტრებს უკავშირდება. იგი 2013 წელს აიყვანა „მილოუკი ბაქსმა“ (Milwaukee Bucks) მე-15 ნომრად. იანისი მონაწილეობდა „ყველა ვარსკვლავის“ მატჩებში 2017, 2018 და 2019 წლებში.
იანის ანტეტოკუნბო ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ევროპიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა 2018-2019 წლების სეზონის მონაცემების მიხედვით, სპორტის გარდა მიღებული შემოსავლების ჩათვლით.
Forbes-ის შეფასებით, იანისმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა სიაში მე-7 ადგილს იკავებს, 2018-2019 წლების სეზონზე დაახლოებით 43,2 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა; აქედან დაახლოებით 24,2 მილიონი დოლარი ხელფასის და პრემიის სახით მიიღო, ხოლო 19 მლნ – რეკლამებიდან და სპონსორებისგან.
მსგავს თემაზე: ციპრასი საბერძნეთის დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას მიგრანტების მეშვეობით აპირებს
კომენტარები