„თიბისი“ მზადაა, უკრაინელ ტურისტებს 10 ჩარტერული რეისი დაუფინანსოს

„თიბისი“ მზადაა, უკრაინელ ტურისტებს 10 ჩარტერული რეისი დაუფინანსოს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ხაზარაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის იმ განკარგულებას ეხმაურება, რომლის თანახმად, რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას 8 ივლისიდან დროებით შეაჩერებს.

„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს, ბუნებრივია, დაემჩნევა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ „თიბისი ჰოლდინგის“  სახელით დავაფინანსო „აირზენას“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის, კომერციულებსაც 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში ფრენის განხორციელება აუკრძალა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები