იტალიელი პეპა ბებია – ყველაზე ხანდაზმული ევროპელი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა
პეპა ბებია, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, 116 წლის (უფრო სწორად, 116 წლის და 90 დღის) ასაკში გარდაიცვალა 18 ივნისს. იგი პლანეტის მეორე ყველაზე ხანდაზმული მცხოვრები იყო იაპონელი კანე ტანაკის შემდეგ.
„ჩვენმა სუპერბებიამ დაგვტოვა“, – დაწერეს ფეისბუქზე ახლობლებმა მარია ჯუზეპა რობუჩის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც მთელი მსოფლიო „პეპა ბებიას“ სახელით იცნობდა. თავისი ცხოვრების 116 წლის განმავლობაში მან ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, მოესწრო ორ მეფეს და იტალიის რესპუბლიკის 16 პრეზიდენტს. პეპა ბებია თავის სახლში აღესრულა, პოჯიო იმპერიალეში, სადაც 1903 წლის 20 მარტს დაიბადა.
უხუცესი იტალიელი ქალი ფოჯის პროვინციის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მისი ბოლო დაბადების დღე 20 მარტს მთელმა ქალაქმა აღნიშნა მუსიკით, სახალხო ცეკვებით; სუპერბებიამ და მთელმა მისმა ოჯახმა უამრავი საჩუქარიც მიიღეს.
მარია ჯუზეპას, ასაკის მიუხედავად, შესანიშნავი მეხსიერება და საღი გონება ჰქონდა შენარჩუნებული და ანეკდოტების მოყოლა უყვარდა. ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მისი „მონაგარია“ 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1982 წლიდან მარია ჯუზეპა საკუთარ ბარს უძღვებოდა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ იგი მოხუცთა სახლში გადაბარგდა, სან სევეროში.
თავისი დღეგრძელობის „საიდუმლოზე“ როცა ეკითხებოდნენ, ანდაზით პასუხობდა: «Tarranòve, pane e pemmedòre and arija bbòne» (სიტყვასიტყვით: „პოჯო იმპერალე, პური პომიდვრით და სუფთა ჰაერი“) და ამაყად განმარტავდა, რომ თავი ყოველთვის შორს ეჭირა ალკოჰოლისგან, თამბაქოსა და სხვა მავნე ჩვევებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ორი მძიმე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, პეპა ბებია ყოველთვის რკინის ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.
ასე რომ, უხუცესი ევროპელის გარდაცვალების შემდეგ დღეგრძელობის მხრივ მსოფლიოში ერთპიროვნულ ლიდერად რჩება იაპონელი კანე ტანაკა, რომელიც პეპა ბებიაზე სულ რაღაც 2 თვითა და 19 დღით ადრე – 1903 წლის 2 იანვარსაა დაბადებული. იგი თავისი სიცოცხლის 117-ე წელიწადს პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ მცხოვრებად მიიჩნევა.
წყარო: foggiatoday.it
კომენტარები