ზოდიაქოს ნიშნები და ურთიერთობების ხელოვნება

უცხოეთში ზოგიერთი კომპანია სამსახურში მიღებისას თანამშრომლებს სპეციალურ ასტროლოგურ ანკეტას ავსებინებს, რომლის გათვალისწინებითაც ამ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. ზოდიაქოს ნიშნებიდან გამომდინარე, თავისთავად, ჰარმონიული ურთიერთობების განვითარებისთვის თორმეტი წესი არსებობს. თუ მათ გაითვალისწინებთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებთ, ასტროლოგთა მტკიცებით, უამრავ უსიამოვნებას  აიცილებთ თავიდან.
ურთიერთობა ვერძთან

ნურასოდეს ეცდებით ძალისმიერი ზემოქმედება მოახდინოთ ვერძებზე, ნურც მოტყუებას შეეცდებით და ნურც უსამართლოდ მოექცევით, რადგან ვერძები ბუნებით რაინდები არიან და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოგიხდებათ მათთან დაპირისპირება. მსგავსი ოინები არც ქალ ვერძებთან გაგივათ – ამის იმედი ნამდვილად ნუ გექნებათ. მათთვის ქალურ და მამაკაცურ საქმეებს შორის განსხვავება არ არსებობს.

 

ურთიერთობა კუროსთან

არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ კუროს ვალი გაქვთ და ეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნოთ მას ნასესხები თანხა. ისე კი, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ კუროსგან ფულს არასოდეს ისესხებთ. თუ ფულის სესხება აუცილებელია, უმჯობესია მერწყულისგან ისესხოთ. იგი მალევე დაივიწყებს ამის შესახებ და შესაძლოა, ვალი დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოგთხოვოთ.

 

ურთიერთობა ტყუპთან

კამათი და რაიმეს დამტკიცება წარმოუდგენელია ტყუპებთან ურთიერთობისას. რაც არ უნდა ძლიერი არგუმენტები გქონდეთ, გარწმუნებთ,  ტყუპებს უფრო ძლიერი კონტრარგუმენტი აღმოაჩნდებათ და კამათი ან ჩხუბით დასრულდება, ან გამოუვალ ჩიხში შევა. უმჯობესი იქნება, ტყუპები დააინტერესოთ და ისინი მაშინვე დაიწყებენ ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლას, მაგრამ თუ ეს ვერ შეძელით, სჯობს მათთან კამათს თავი დაანებოთ – მაინც არაფერი გამოგივათ.

 

ურთიერთობა კირჩხიბთან

სულიერი თანადგომისა და რჩევისთვის ყველაზე საუკეთესო პარტნიორი კირჩხიბია. გულახდილად გაანდეთ მათ თქვენი პირადი პრობლემები და დარწმუნებული იყავით, რომ იგი საიდუმლოსაც შეგინახავთ და, რაც მთავარია, ყველაზე სწორ რეკომენდაციასაც მოგცემთ, თუმცა კირჩხიბებთან სიფრთხილეც უნდა გამოიჩინოთ, პირველ რიგში, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს სფერო მათთვის ტაბუა. თუ შენიშნა, რომ მის პირად ცხოვრებაში ცდილობთ შეღწევას, ურთიერთობაში აუცილებლად გაჩნდება ბარიერები.

 

ურთიერთობა ლომთან

ლომი არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ და შეცდომებზე არ მიუთითოთ – ამით მის რისხვას დაიმსახურებთ და თქვენს კრიტიკასაც არავინ გაითვალისწინებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლომი მეფეა, ხოლო მეფეებთან ურთიერთობა  არც ისე ადვილია…

 

ურთიერთობა ქალწულთან

ქალწულთან ურთიერთობისას გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ უნდა გააანალიზოთ ყველაფერი, სანამ რაიმეს შესთავაზებთ, რადგან ისინი სიყალბეს და დაუფიქრებელ ნაბიჯებს მაშინვე შენიშნავენ და ურთიერთობის გაწყვეტას ეცდებიან. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ქალწულებთან უპასუხისმგებლობის გამომჟღავნება თქვენს ურთიერთობას  აუცილებლად  დააზარალებს.

 

ურთიერთობა სასწორთან

სასწორთან ურთიერთობისას დიპლომატიის, ტაქტის და ნატიფი მანერების მოშველიება დაგჭირდებათ, რადგან მათზე ხმამაღალი საუბრით, ყვირილით და ხელების ქნევით ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ, დიპლომატიური მიდგომით კი შესაძლოა, კონფლიქტი დაწყებამდე გაქრეს. ზემოთ ნახსენებ მანერების წინაარმდეგ სასწორები თითქმის არასოდეს  იჩენენ სიჯიუტეს და თვითონაც კომპრომისული გამოსავლის ძებნას იწყებენ.

 

ურთიერთობა მორიელთან

რაიმეს დამალვა, ინტრიგების ხლართვა, ავანტიურები მორიელთან ურთიერთობისას არანაირ შედეგს არ მოგიტანთ. იგი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ სიმართლე შეიტყოს, მაშინ კი, გარწმუნებთ, მისგან შხამიან კბენასაც უნდა ელოდოთ. ამასთან, ისიც უნდა იცოდეთ, რომ მორიელი არასოდეს ითვალისწინებს  სხვათა რჩევებს და მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედებს. მორიელის სიძლიერეც და სისუსტეც ამაში მდგომარეობს.

 

ურთიერთობა მშვილდოსანთან

მშვილდოსანთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას ხელმწიფური ბუნება აქვს და ყოველთვის წინ მიიწევს. სიბრძნის, საკუთარი თავისა და ოქროს მოყვარული ეს ნიშანი ფხიზელი გონებითაც გამოირჩევა და თუ ვინმე შეეცდება თაღლითურად მის „გამოყენებას“ საკუთარი მიზნებისთვის, არ გამოუვა. მშვილდოსანი პატიოსნებით გამოირჩევა და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს.

 

ურთიერთობა თხის რქასთან

გირჩევთ, თხის რქასთან ურთიერთობისას, პირველ რიგში, მისი პუნქტუალურობა გაითვალისწინოთ. არასოდეს ალოდინოთ დიდხანს, თორემ, გარწმუნებთ, თხის რქას ერთი ხელის მოსმით შეუძლია კარგად წამოწყებული საქმის დანგრევა. პასუხისმგებლობა მისთვის ყველაზე მთავარი თვისებაა და მის ნაკლებობას არავის პატიობს.

 

ურთიერთობა მერწყულთან

მიეცით მერწყულს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, ხელი შეუწყვეთ ინდივიდუალურობისა და იმპროვიზაციის გამოჩენაში და იგი მთების გადაადგილებასაც კი შეძლებს. მერწყულები ასეთი თვისებების გამო საკმაოდ რთული თანამშრომლები და პარტნიორები არიან, მაგრამ თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მათთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შეძლებთ.

 

ურთიერთობა თევზებთან

ნურასოდეს ეცდებით თევზებს მატერიალური სიუხვის შექმნისკენ მოუწოდოთ. ამისთვის კურო უფრო გამოგადგებათ. თევზები კი ალტრუისტული ბუნების ადამიანები არიან და ძალიან არ მოსწონთ, როდესაც მათთან ურთიერთობაში წინა პლანზე მატერიალური საკითხები იწევს. მატერიალური მდგომარეობა მათთვის საჭირო, მაგრამ არა აუცილებელი ფაქტორია. მათ გაცილებით უკეთ სულიერი პრობლემების მოგვარება ეხერხებათ და ყველაზე მნიშვნელოვანიც სწორედ სულიერებაა.

მოამზადა თამთა გურულმა

მსგავს თემაზე: სექსუალური თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კომენტარები