fbpx
საზოგადოებასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველო

ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

30 მაისს ქალაქ ათენის ერთ-ერთი ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობის, ზაპიოს (ZAPPEION MEGARON) ცენტრალურ სივრცეში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებასა და ქართული ფოლკლორის კონცერტს უმასპინძლა.

ღონისძიება, რომლის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გახსნეს საქართველოს ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთის კულტურის მინისტრმა მერსინი ზორბამ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგოს აკრიოტისმა.

საღამოს ესწრებოდნენ საბერძნეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ ათენში აკრედიტებული ელჩები, საბერძნეთის სახალხო დამცველი, ბერძენი და ქართველი სასულიერო პირები, ბერძნული ბიზნესისა და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციები. ფოლკლორულმა ანსამბლმა „მძლევარმა“ საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკების ეროვნულ ჰიმნების გარდა ქართული პოლიფონიური მუსიკალური ნაწარმოებებიც შეასრულა.

ამავე დღეს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა პირველი ქართული დიასპორული ორგანიზაციების კონფერენცია, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა 45-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია სამ პანელად წარიმართა და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქართველ ემიგრანტთა უფლებების დაცვა, ურთიერთობა საქართველოს საელჩოს სამსახურებთან, ვიზალიბერალიზაცია და მისი გამოწვევები, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და სხვა.
საბერძნეთში საქართველოს საელჩო გეგმავს, რომ კონფერენციას ქართულ დიასპორულ ორგანიზაციათა ყოველწლიური შეხვედრის სახე მისცეს.

გიორგი ჯანელიძე

მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close