ქართველები უცხოეთშიემიგრანტის დღიურებიიტალიასაზოგადოება

LANZA – ემიგრანტის დღიური

საღამოს  8 საათისთვის ყოველთვის მივდივარ აკადემიაში, რომელიც მეტრო LANZA-სთან (მილანი, მწვანე ხაზი MZ) მდებარეობს. იქვეა ბრერას ქუჩა და მასზე განთავსებული პატარა ბარ-რესტორნები, რომლებიც სავსეა ხალხით. რაც მთავარია, ამ  ქუჩაზე მანქანები არ დადიან. აქვე, მეტროსთან, პატარა მოედანზე არის თანამედროვე არქიტექტურის თეატრი, რომელსაც „პატარა თეატრი“ – PICCOLO TEATRO ჰქვია.

მძიმე ზამთრის შემდეგ მილანში გაზაფხული თბილია. ბუნება იღვიძებს და ქალაქი მწვანედ იმოსება; იღვიძებს სხეულიც, სისხლის ჩქაფანიც გესმის ძარღვებში. რაღაც გინდა შეცვალო შენს ცხოვრებაში, გიკივის სული, გაჩქარებს დრო და ჩაგძახებს გონი: „გაიღვიძე, დადგა გაზაფხული, გამოფხიზლდი!“ და… შენც ეძებ ახალს, რაღაც სხვას, რაღაც მიუწვდომელს და შემართებით მიიწევ, რომ მიუწვდომელს ხელი შეახო… ძნელია, მაგრამ უფალია შენთან.

ამ საღამოსაც ჩვეულებრივად წავედი ლაბორატორიაში „ჩემს გაზაფხულზე“ სამუშაოდ. მეტროდან ამოსულს, მუსიკის ხმა შემომესმა. არა, ის ბარებიდან არ ისმოდა, ვიღაც ცოცხლად უკრავდა. მიმოვიხედე და პატარა მოედანზე ახალგაზრდა მუსიკოსები დავინახე: ერთს ხელში გიტარა ეჭირა, მეორეს ალბათ უნდა ემღერა.

თეატრის კიბეები ნელ-ნელა ივსებოდა ახალგაზრდებით. კიბეები ვახსენე, რადგან, ძირითადად, იქ სხდებოდნენ, თუმცა ტროტუარზეც მშვენივრად იკავებდნენ ადგილს; მხიარულობდნენ, იცინოდნენ, მუსიკას ყვებოდნენ. ჩემდა გასაკვირად, არავინ იცქირებოდა ტელეფონში. სასმელებით ხელში მშვენიერ საღამოს იწყობდნენ. იქვე იყო აფიშა, უფრო სწორად, რეკლამა ერთ-ერთი კომპანიის.

უცებ ჩემს საქართველოში „გადავფრინდი“: კარგი იქნებოდა ქალაქის მერია ასეთ პატარა მოედანზე შაბათ-კვირაობით დამწყები მომღერლების, მუსიკოსების კონცერტებს თუ მოაწყობდა და ახალგაზრდები ცოტა ხნით მოსწყდებოდნენ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ატმოსფეროს. მათ სწორედ ეს სჭირდებათ. არ არის საჭირო 200 კაცის შეკრება, მთავარია, ერთმანეთს ლამაზი საღამოები აჩუქონ.

მეორე საღამოს ისევ აკადემია… ძალიან წვიმდა. დავინახე, ახალგაზრდები ისევ შეკრებილიყვნენ, ოღონდ ბარებთან და ცოცხალ მუსიკას უსმენდნენ… ვერ დავრჩი, რადგან „ჩემი გაზაფხული“ მელოდა. როცა გულს უნდა და უხარია, „რას მიქვია ამინდი, წვიმა, სიცივე თუ სიცხე“, მუსიკა და კარგი განწყობა ქმნის „ამინდს“ და არა ამინდი…

მინდა ჩემი ქვეყანა ევროპის ღიმილიან ქვეყნებს დაემსგავსოს.

ლალი დავითულიანი, არტისტა

მილანი, 2019 წლის აპრილი  

თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ

ვენეცია და ქართველი ხელოვანები – ემიგრანტის დღიური

ერთი თეთრი ღამე მილანში მუზეუმთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close