9 წლის გოგონას მკვლელს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
„სამართლიანი იყო, რაც გადაწყდა… და ერთი იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მაგის ხელით არცერთ ბავშვს საფრთხე აღარ ელოდება“, – განაცხადა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამამ, მიშა ბერიაშვილმა.
გასული წლის 25 ოქტომბერს გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს დღეს გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ გამოაცხადა, რომელმაც სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და იაგო ნებიერიძე დამნაშავედ ცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში.
34 წლის იაგო ნებიერიძე 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით მეორე დღესვე, 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას, აგრეთვე, სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იაგო ნებიერიძემ თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ უდანაშაულოა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა დაისაჯოს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, განაჩენს არ ეთანხმება და უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივრებს.
კომენტარები