პატარა ემიგრანტების „პატარა საქართველო“ ესპანეთში – ვიდეოსიუჟეტი
ესპანეთში მცხოვრები ვიდეობლოგერი გიორგი ქართველი ქართული ცეკვის აკადემიას ესტუმრა და ვიდეოსიუჟეტი გადაიღო. აკადემია, სადაც ცეკვის გაკვეთილები ყოველ შაბათ-კვირას ტარდება, ქალაქ არნედოში (ლარიოხის პროვინცია) მდებარეობს.
ქართველ ბავშვებს ცეკვას ქორეოგრაფი დავით ნადარეიშვილი ასწავლის. დავითის თქმით, აკადემია 2018 წლის მარტში შეიქმნა და ამ ფაქტმა იქ მცხოვრები ქართული ოჯახები ძალიან გაახარა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდათ, ბავშვებისთვის, პატარა ემიგრანტებისთვის ქართული ცეკვა ესწავლებინათ. ამჟამად აკადემიაში 25 ბავშვი ეუფლება ქართული ეროვნული ცეკვების ხელოვნებას. ისინი რამდენიმე ახლომდებარე ქალაქიდან ჩამოდიან.
დავითის მიზანია ბავშვებს მაღალ დონეზე ასწავლოს ცეკვა და გული გაუხაროს მათაც და სამშობლოს მონატრებულ მათ მშობლებსაც. საგულისხმოა, რომ ბავშვების უმრავლესობა ესპანეთშია დაბადებული და მათთვის ქართულ კულტურასთან ზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აკადემიაში ისინი ქართულ გარემოში ხვდებიან და მშობლიურ ენაზე საუბრის შესაძლებლობაც აქვთ ოჯახის გარეთ.
იხილეთ სიუჟეტი:
მადლობას ვუხდით გიორგის, რომ უფლება მოგვცა მისი სიუჟეტი ჩვენს საიტზე გამოგვექვეყნებინა.
მსგავს თემაზე: „ვამაყობ, რომ აქ, ამხელა საფრანგეთში „პატარა საქართველო“ შევქმენი!“
კომენტარები