იტალიაკრიმინალი

19 წლის იტალიელი გოგონა, რომელმაც მოძალადე მამა მოკლა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ტივოლის პროკურორების გადაწყვეტილებით, მამის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის დებორა შაკვატორი (Deborah Sciacquatori) შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შემთხვევა მონტეროტონდოში (რომთან ახლოს) მოხდა გასულ კვირას: 41 წლის ყოფილი მოკრივე, უმუშევარი და ალკოჰოლიკი ლორენცო შაკვატორი საკუთარმა ქალიშვილმა მორიგი ოჯახური ძალადობისას მოკლა სამზარეულოს დანით. მამაკაცი 19 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, მიყენებული დაზიანების შედეგად.

ტივოლის პროკურორების დასკვნით, დებორა შაკვატორი თავს იცავდა და მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია. ახალგაზრდას შესაძლოა ნაკლები სიმძიმის ბრალი წაუყენონ, კერძოდ, თავდაცვისას ძალის გადამეტება, თუმცა პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლოა საერთოდ დაიხუროს.

დებორას დედის მშობლების თქმით, ლორენცო ცოლს 20 წლის განმავლობაში სცემდა. 2016 წელს 6-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ (ჩინოვნიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პოლიციელის კბენა) მან ისევ გააგრძელა ცოლზე ფიზიკური ძალადობა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის დროს 19 წლის გოგონამ მამას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და თავდაცვის მიზნით აღებული დანა მკვლელობის იარაღად იქცა.

დებორამ დაჭრილი მამის გადარჩენა და სისხლდენის შეჩერება სცადა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

„მაპატიე, მამა, მე არ მინდოდა შენი მოკვლა“, – იმეორებდა იგი. გოგონა ჰყვება, რომ მამა ღამით სახლში მთვრალი დაბრუნდა, ყვიროდა, დედამისისა და ბებიისკენ იწევდა; მას უნდოდა მამის დამშვიდება, დედის და განსაკუთრებით მოხუცი ბებიის (დედის მხრიდან) დაცვა, რომელიც ახალი ნაოპერაციევი იყო და მხედველობაც არ უვარგა: „მეშინოდა, რომ მამა ბებიას მოკლავდა“.

გოგონას თქმით, შეეცადა დედა და ბებია სახლიდან გაეყვანა და სამზარეულოს დანა მხოლოდ თავდაცვის მიზნით და მამის დასამშვიდებლად აიღო, თუმცა შემდეგ  ფიზიკურ დაპირისპირებაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. როდესაც პოლიცია მოვიდა, იგი ცდილობდა, მამა გადაერჩინა და გამუდმებით უმეორებდა, რომ მისი მოკვლა არ უნდოდა და მიუხედავად ყველაფრისა, უყვარდა. დებორა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ სიმშვიდეს ვერ პოულობს.

დაიხურება თუ არა საქმე დებორა შაკვატორის წინააღმდეგ, უახლოეს დღეებში გადაწყდება.

www.tgcom24.mediaset.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close