მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო 16 ქვეყნის 25 ლაურეატთან ერთად მოიპოვა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულები 34 ქვეყნიდან წარდგენილი 149 განაცხადიდან შეარჩია.
საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი, რომელიც იოსებ ბანძელაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა, 2014 წლიდან მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში აღდგა 26 ციხე-კოშკი; განახლდა ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმლები, მოეწყო თიხატკეპნილები. მუშაობის პროცესში გამოიყენება ტრადიციული მასალა – ფიქლის ქვები, რომლებიც ხევსურეთში მოიპოვება.
სოფელი მუცო პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია.
კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ მუცოში უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები გაჩნდა და სოფელში მუდმივ მაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი.
ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: ირანში არსებულ ერთადერთ ქართულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება
კომენტარები