ათენში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
შემთხვევა საბერძნეთის დედაქალაქში, კალითეის რაიონში მოხდა. ექსპერტების წინასწარი ვარაუდით, ქალი საკუთარმა ქმარმა დაახრჩო.
საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. იგი საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი ათენში, კალითეის რაიონში. ქალის ნათესავები მას გუშინ დილიდან ეძებდნენ, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. რადგან ქალი არ გამოჩნდა, დეიდამისი საღამოხანს ხელოსნის დახმარებით შევიდა მის ბინაში და იგი საკუთარ საძინებელში ნახა, გარდაცვლილი. ამის შესახებ enikos.gr ავრცელებს ინფორმაციას.
კარი გატეხილი არ იყო, ბინას არც ძარცვის კვალი ეტყობოდა და პოლიციის ვარაუდით მსხვერპლი მკვლელს იცნობდა.
29 წლის ქალი, 2 მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ქმარს გაშორებული იყო (ყოფილი ქმარიც საქართველოს მოქალაქეა). ბავშვები ბოლო დღეებში ბებიასთან და პაპასთან ცხოვრობდნენ.
გარდაცვლილს ყელის მიდამოებში სილურჯეები აღენიშნებოდა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, უკავშირდება თუ არა ეს ჩალურჯებები მის სიკვდილს და რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება.
პოლიციის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალის ყოფილი ქმარია, რომელთანაც მას ბოლო დროს, ნათესავების თქმით, ხშირად ჰქონდა უთანხმოება.
მსგავს თემაზე: დიანა ბერიძის მკვლელ ბერძენ ექიმს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თესალონიკში მოკლული დიანა ბერიძის ოჯახი 5 მლნ ევროს კომპენსაციას ითხოვს
კომენტარები