კინო/ფილმებიკულტურა

საქართველო კანის 72-ე კინოფესტივალზე, 14 მაისიდან

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ხვალ, 14 მაისს საზეიმოდ გაიხსნება.

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი (#103, Village International Riviera). საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივად წარმოადგენდნენ.

წელს კანის კინოფესტივალზე, 55 წლის შემდეგ, ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი. „თეთრი ქარავანი“ სექცია Cannes Classics-ში მილოშ ფორმანის, ოლივერ სტოუნის და სხვა ლეგენდარული რეჟისორების ფილმებთან ერთად იქნება ნაჩვენები.

საქართველოს „თეთრი ქარავანი“ რუსეთის გოსფილმოფონდიდან ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა. კანის კინოფესტივალზე გაგზავნამდე ეროვნულმა არქივმა ფილმის კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად, გაკეთდა მისი ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „თეთრი ქარავანის“ ჩვენებას კანში რეჟისორი ელდარ შენგელაია ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად დაესწრება.

კადრი ფილმიდან „თეთრი ქარავანი“

კანის კინოფესტივალზე გაიმართება წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა. ფილმს საკონკურსო სექცია Director’s Fortnight-ში აჩვენებენ. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. საურათი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას თავისი ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

რეზიდენციის პროგრამა Cinefondation-ში თავისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით „პანოპტიკონი“ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მონაწილეობს. „პანოპტიკონის“  წარდგენა Gray d’Albion beach-ზე (CNC Beach) 16 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი სიხარულიძე პროექტზე მუშაობას ტორინო სკრიპტ ლაბზე განაგრძობს.

Producers Network-ი ქართველ პროდიუსერს, ლადო ჩიხრაძეს უმასპინძლებს, რომლის სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტზე „ქორწილი ჩემს ქუჩაზე“ (რეჟისორი შოთა გამისონია) მუშაობა 15-იდან 20 მაისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან არაერთი შეხვედრა გაიმართება.

Market Screening-ზე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები და დისტრიბუტორები ნახავენ უტა ბერიას ფილმს „უარყოფითი რიცხვები“. ფილმზე მუშაობა ახლახან დასრულდა. მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს სტენდზეც – სანდენსის, ტოკიოს, ლოკარნოს, ვარშავის, კარლოვი ვარის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად, აქტიურად მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია. 19 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება.

ფესტივალი 25 მაისს საზეიმოდ დაიხურება.

წყარო: beta.gnfc.ge

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ამავე თემაზე: საინტერესო ფაქტები კანის კინოფესტივალის შესახებ

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ახალი პრიზიორები

აკა მორჩილაძის რომანი „obOlé“ კანის კინოფესტივალის წიგნების სექციაში მოხვდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close