ოქროს სისხლი – უიშვიათესი და უნივერსალური

ცისფერი სისხლის შესახებ ალბათ გსმენიათ, ეს ტერმინი არისტოკრატიული წარმომავლობის სინონიმად გამოიყენება და ბუნებაში არ არსებობს. ცისფერი არა, მაგრამ თურმე არსებობს… ოქროს სისხლი ანუ სისხლი ნულოვანი რეზუს-ფაქტორით. ის უკიდურესად იშვიათია – ბოლო 50 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ამ სისხლის მატარებელი მხოლოდ 43 ადამიანი ცხოვრობდა. მათგან დღეს მხოლოდ 9 არის ცოცხალი და ისინი მეცნიერთა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ოქროს სისხლი აბსოლუტურად უნივერსალურია – ნებისმიერ პაციენტს გამოადგება, მაგრამ თავად ამ სისხლის ქონა ადამიანისთვის ძალზე სარისკოა: თუ მას თავად დასჭირდება სისხლის გადასხმა, მისი შველა მხოლოდ დანარჩენ 8-ს შეუძლია.

როგორც ცნობილია, ყოველი წითელი ბურთულაკის (ერითროციტის) ზედაპირზე 342-მდე ანტიგენია – ნივთიერებები, რომლებიც განსაკუთრებულ ცილებს – ანტისხეულებს წარმოქმნიან. სწორედ ამ ანტიგენების რაოდენობის სხვაობა განაპირობებს ჯგუფების არსებობას. ადამიანის სისხლი 4 ჯგუფად იყოფა. მათ ABO სისტემით აღნიშნავენ: A, B, O და AB. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ყველაზე მეტად გავრცელებული A და B ანტიგენიდან რომელი აქვს ერითროციტს. O ჯგუფის პაციენტებს არც A აქვთ და არც B. თუ A ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტს B ჯგუფის სისხლს გადავუსხამთ, მისი ანტიგენები ახალ სისხლს უცხო სხეულად აღიქვამენ და შეუტევენ. O ჯგუფის სისხლი ყველა ჯგუფისთვის გამოდგება. ასევე არსებობს სისხლის დაყოფა რეზუს-დადებითად და რეზუს-უარყოფითად. ეს დამოკიდებულია D ანტიგენის არსებობა-არარსებობაზე.

ევროპელების 84% და ინდოელების 99% რეზუს-დადებითი სისხლის მატარებელია. თუ ასეთ პაციენტს რეზუს-უარყოფით სისხლს გადაუსხამენ, იმუნური სისტემის კონფლიქტი წარმოიშვება, რა დროსაც პაციენტი იღუპება. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ერითროციტების ზედაპირზე არცერთი ანტიგენი არაა? დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ასეთი ბავშვი ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას უნდა დაღუპულიყო, მაგრამ 1961 წელს ავსტრალიელი აბორიგენი ქალის სისხლის ჯგუფი განისაზღვრა, როგორც ოქროს სისხლი – ანუ სისხლი ნულოვანი რეზუს-ფაქტორით. მას შემდეგ კიდევ 42 ადამიანი აღმოაჩინეს მსგავსი უიშვიათესი სისხლის ჯგუფით, რომელსაც Rhnull-ით აღნიშნავენ.

დღეს მცხოვრები 9 ადამიანიდან თომასი ერთ-ერთია. მას ოჯახი ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. იგი სახლიდან იშვიათად გადიოდა (თუ სკოლას არ ჩავთვლით). როცა ბიჭი გაიზარდა, წინასწარ არკვევდა, იყო თუ არა შესაბამისად აღჭურვილი კლინიკა იმ ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც გამგზავრებას აპირებდა. თომასს ყოველთვის თან დააქვს ბარათი, სადაც მითითებულია მისი ულტრაიშვიათი სისხლის ჯგუფი. ჩვეულებრივი ადამიანის აზრით, ოქროს სისხლი შეიძლება ერთდროულად განვიხილოთ, როგორც წყალობა და როგორც წყევლა. თომასი დროდადრო სისხლს აბარებს საკუთარი თავისთვის და მის მარაგებს პარიზისა და ამსტერდამის კლინიკებში ინახავენ, ყოველი შემთხვევისთვის…

თამარ ქავჟარაძე

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: რას განსაზღვრავს ადამიანის სისხლის ჯგუფი?

დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს

კომენტარები