2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში, მთლიანობაში, ხმათა უმეტესობა მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოიპოვა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული.
საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქების ოქმების 100%-ის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ საზღვარგარეთ მიღებული ხმების რაოდენობით, მთლიანობაში, მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლიდერობს: მას ხმა უცხოეთში მცხოვრები, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების 54,7%-მა მისცა, ზელენსკიმ კი 43,78% მიიღო.
პოროშენკომ გაიმარჯვა 45 ქვეყნის საარჩევნო უბნებზე, კერძოდ: ავსტრიაში, იტალიაში, კანადაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში (თუმცა თესალონიკში ზელენსკიმ მცირედი სხვაობით მოიგო: 72 ხმა 69-ის წინააღმდეგ), აშშ-სა და სხვ.
ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა უმრავლესობა ერგო უცხოეთის 24 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბელარუსში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ბალტიის ქვეყნებსა და სხვ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნებში უკრაინის 60 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა.
მთლიანობაში კი, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 73,22% დააგროვა, პეტრო პოროშენკომ კი – 24,45%. საბოლოო შედეგებს ოფიციალურად უკრაინის საარჩევნო კომისია 30 აპრილს გამოაცხადებს. ამის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია – ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მართვის სადავეებს მაისში გადაიბარებს.
ნიკო აბაშიშვილი
ამავე თემაზე: პოროშენკომ დამარცხება აღიარა – მილიონერს „კლოუნი“ ცვლის
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კომიკოსმა გაიმარჯვა
კომენტარები