ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართველი ბლოგერი ესპანეთში: „ემიგრაცია ჭაობს ჰგავს… ზოგს გაუმართლა და ხელი მოემართა, მაგრამ ბევრი ჭაობშია“

„თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც მე და დედა ესპანეთში ჩამოვფრინდით. მადრიდში, სასტუმროში დავრჩით იმ ღამეს და მახსოვს, რომ ვიტირე – რაღაცნაირად მომენატრა საქართველო, თან ალბათ ვგრძნობდი, რომ დიდი ხნის მანძილზე აღარ დავბრუნდებოდი უკან. მას შემდეგ უკვე 17 წელი გავიდა“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ესპანეთში მცხოვრები 28 წლის გიორგი ქართველი. მან ჩვენი ყურადღება თავისი ვიდეობლოგებით მიიქცია, სადაც ხშირად ძალიან საინტერესო, აქტუალურ და ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორ ცხოვრობს ესპანეთში, რა არის მისი მიზანი და როგორია მომავლის გეგმები, ამაზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე თავად გიორგი გვიამბობს. საუბარს კი ცოტა შორიდან დავიწყებთ:

გიორგი, მოდი, გაგვეცანით – ვინ ხართ, საქართველოს რომელი კუთხიდან აღმოჩნდით შორეულ ესპანეთში?

მოგესალმებით. მე ვარ გიორგი ქართველი, წარმოშობით იმერეთიდან (მამა იმერელი მყავს, დედა კი – კახელი). ესპანეთში დედაჩემმა (მარინე ფრიდონაშვილი) წამომიყვანა. 2000 წელს ჯერ დედა ჩამოვიდა აქ, 2 წლის შემდეგ კი მე ჩამომიყვანა, მაშინ სულ რაღაც 12 წლის ვიყავი.

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მე და დედა ესპანეთში ჩამოვფრინდით. მადრიდში, სასტუმროში დავრჩით იმ ღამეს და მახსოვს, ვიტირე – რაღაცნაირად მომენატრა საქართველო, თან ალბათ ვგრძნობდი, რომ დიდი ხნის მანძილზე აღარ დავბრუნდებოდი უკან. და აი, მას შემდეგ უკვე 17 წელი გავიდა.

თორმეტი წლის ასაკში გაგიჭირდათ ალბათ უცხო გარემოსთან შეგუება – რა იყო ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის, რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე და დღეს რას ფიქრობთ, სწორად მოიქეცით, დედას უცხოეთში რომ  წამოჰყევით?

პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო იმ პერიოდში, როდესაც ქართველები ასე მრავლად არ იყვნენ ესპანეთში, როგორც ახლა არიან… ანუ პირდაპირ აღმოვჩნდი უცხო გარემოში, უცხო კულტურის ქვეყანაში. არავისი არაფერი მესმოდა და არც ჩემი ესმოდა არავის. განსაკუთრებით რთული გადასალახი იყო სკოლაში სწავლის პერიოდი მანამ, სანამ ენას ვისწავლიდი. საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ენის ბარიერი იყო, რაც, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გადაილახა – ცხოვრებაში ყველაფრის გადალახვა შეიძლება, მთავარი მონდომებაა…

იმ ასაკში ჩემზე არ იყო დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დღეს ვთვლი, რომ 12 წლის ბავშვი ყველაზე უკეთ მშობელთან იქნება, სადაც არ უნდა იყოს იგი.

ამჟამად სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ?

ამჟამად ვცხოვრობ ესპანეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქ არნედოში (Arnedo), რომელიც ფეხსაცმლის დიდი ინდუსტრიით გამოირჩევა. ამ ეტაპზე დროებით მეც ამ სფეროში ვმუშაობ, თუმცა განვლილი დროის მანძილზე, სხვადასხვა ქალაქში, არაერთ სფეროში მომიწია მუშაობა.

მუშაობის პარალელურად ბლოგერობა როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რა არის თქვენი მიზანი?

ბლოგერობა სულ რაღაც ერთი წელია, რაც დავიწყე. მერე გარკვეული მიზეზების გამო ცოტა ხნით გავჩერდი და ბოლო რამდენიმე თვეა ისევ გავაქტიურდი. მიზეზი ჩემი ამ გადაწყვეტილებისა ის არის, რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე, ეს სფერო, ინტერნეტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება გარკვეულ თემებთან დაკავშირებით; ჩემი აზრი გადმოვცე ზოგჯერ იუმორით, რათა ცოტა ხალისი და პოზიტივი შევმატო ხალხს, ზოგჯერ – სატირულად, ხანაც გაცნობითი ფორმის არის ჩემი გამოსვლა: ხალხს ვაცნობ ესპანეთის წეს-ჩვეულებებს და ქალაქებს. მაქვს სერიოზული თემებიც, რომლებიც ძალიან დასაფიქრებელი და გამოსასწორებელია. ასევე, მაქვს ჩემი არხი YouTube-ზე: Giorgi Qartveli

საინტერესო ფაქტებსა და საყურადღებო საკითხებზე ამახვილებთ ყურადღებას თქვენს ბლოგებში. ემიგრაციასთან დაკავშირებით რა გადარდებთ ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, რაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მადარდებს ის, რომ ხალხი ძალიან ბრმად მოდის უცხოეთში ისე, რომ არ იციან სად მოდიან და რას უნდა ელოდონ. სამწუხაროდ, ხშირად ყველაფერი ცუდად მთავრდება: სამსახურს ვერ შოულობენ, არ ხვდებათ ის, რაც ეგონათ, რომ დახვდებოდათ. არის შემთხვევები, რომ საერთოდ ქუჩაში რჩებიან, ღია ცის ქვეშ, ამიტომ ყველას ვთხოვ, ისევე როგორც ჩემი ვიდეომიმართვიდან, რომ კარგად აწონ-დაწონონ ყველაფერი, სანამ  წამოსვლას გადაწყვეტენ და შემდგომ გადადგან ეს ნაბიჯი.

ასევე მადარდებს აქ დაბადებული ქართველი ბავშვები, რომლებიც, სამწუხაროდ, ერთმანეთში ესპანურად საუბრობენ. ვეჭვობ, რომ ამ თაობას, რომელიც არცთუ ისე ცოტაა, სამუდამოდ ვკარგავთ. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი.

ვინ გეხმარებათ, ოპერატორობას ვინ გიწევთ?

ჩემი ბლოგებს თავიდან ბოლომდე მე ვაკეთებ, მთელი გულით და სულით. თუმცა არის რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩემი მეგობარი და ნათლული, მერო – მერაბ მახაჭაძე ძალიან დამეხმარა. იგი აქ იმყოფება, ამ ქალაქში, ხუმრობით „აჭარის ლომს“ ვეძახი, იმიტომ, რომ აჭარას წარმოადგენს ესპანეთში. 🙂

სად მონათლეთ „აჭარის ლომი“, საქართველოში თუ ესპანეთში?

ესპანეთში მოვნათლეთ მე და ჩვენმა საერთო მეგობარმა. ქართული სალოცავი გვაქვს ქალაქში, სადაც ჩამოდის ხოლმე მოძღვარი და ტარდება წირვა-ლოცვა, ნათლობაც ტარდება…

თქვენს მეგობრებში ქართველები ჭარბობენ თუ ესპანელები?

უფრო ქართველები, მაგრამ ბევრი კარგი ესპანელი ახლობელიც მყავს.

დედათქვენი ისევ ესპანეთშია, ერთად ხართ?

კი, დედა ისევ ესპანეთშია. ამჟამად ერთად არ ვართ, დროებით სხვა ქალაქშია წასული სამუშაოდ, მაგრამ ზოგადად ერთად ვცხოვრობთ, როცა ორივე აქ ვართ, ქალაქ Arnedo-ში.

თუ არ ვცდები, თქვენი დაც უცხოეთშია წამოსული…

არ ცდებით, ჩემი და – ნათიაც აქ ცხოვრობს, უფრო სწორად, ანდორაში – ჯუჯა სახელმწიფოში, რომელიც აღმოსავლეთ პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარეობს. ჩემი დისშვილი – ლუკა აქ არის დაბადებული.

გიორგი დედასთან, დასთან და დისშვილთან ერთად

იცის ლუკამ ქართული?

კი, გამართულად საუბრობს ქართულად, თუმცა რაღაც ხარვეზებიც აქვს.

ქართველ და ესპანელ ხალხებს შორის ხედავთ რაიმე საერთოს?

არ ვთვლი, რომ კონკრეტულად საერთო გვაქვს რაიმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო ენის გამონახვა უფრო მარტივია ესპანელებთან, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების მცხოვრებლებთან, მაგალითად, გერმანელებთან.

ბლოგების საშუალებით ესპანეთს გვაცნობთ, საქართველოს შესახებ თუ იციან თქვენს ირგვლივ ესპანელებმა?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საათები მაქვს ნასაუბრები ჩვენს სამშობლოზე ესპანელებთან. ვცდილობ, ყოველთვის მივაწოდო ის ქართული სული და გული, რაც ნამდვილად ქართულია და გამომდის კიდეც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბევრი არ ცდილობს ამას. „შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!“ – ეს სიტყვები ისე ღრმად არის ჩემში, რომ ვცდილობ ნამდვილად ვიყო ჩემი სამშობლოს დესპანი.

ახლო მომავალში ესპანურადაც ვაპირებ ბლოგების გაკეთებას, სადაც უფრო მეტად გავაცნობ ჩვენს ქვეყანას.

17 წელია, ესპანეთში ცხოვრობთ… საქართველოში თუ ხედავთ საკუთარ თავს? მშობლიური ქვეყნის კარგად გაცნობა არ გინდათ?

სამწუხაროდ, არ ვარ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ მხარეში ნამყოფი და ძალიან მინდა ვიმოგზაურო სვანეთში, რაჭაში, სამეგრელოში და ა. შ. იმედია, ასეც იქნება და არც თუ ისე შორეულ მომავალში სამუდამოდ დავუბრუნდები ფესვებს.

ემიგრანტობაში რა არის დადებითი, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა, და რა – უარყოფითი, თქვენი აზრით?

ემიგრაცია ჭაობს ჰგავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ადრე ჩამოვიდა. ანუ გადადგამ ნაბიჯს, იწყებ მუშაობას, ებმები რუტინაში, ბოლოს კი გადახედავ და – არაფერი არ არის შექმნილი, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, შორიდან ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ჭაობში ხარ ჩაფლული. რა თქმა უნდა, ზოგს გაუმართლა და ხელი მოემართა, მაგრამ ბევრი ჭაობშია. ამ ყველაფერში ჩემთვის დადებითი ის არის, რომ აქ გავაცნობიერე და შევიგრძენი ბევრი რამ, რაც საქართველოს ეხება და რასაც ალბათ მანდ ვერ შევიგრძნობდი.

უპირველესი ალბათ მონატრების გრძნობაა…

კი, ასეა…

როგორ  ფიქრობთ, ემიგრაციაში ეროვნულობა ხომ  არ იკარგება?

ამ ბოლო პერიოდში იკარგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩამოდის უცხოეთში და, როგორც ზევით ვახსენე, არაერთი პატარა იბადება, რომელთა ეროვნულობაც მხოლოდ პასპორტში იქნება დაფიქსირებული, როცა  წამოიზრდებიან.

ქართულმა ხელისუფლებამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და თავად ემიგრანტებმა რაზე უნდა იზრუნონ?

ვთვლი, რომ არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი საქართველოში დაბრუნება არ აწყობს – ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. არ აწყობს, რადგან უცხოეთიდან გარკვეული ფინანსები შედის სახელმწიფოში, რისი შეჩერებაც კარგი არ იქნება. მაგრამ უნდა იფიქრონ, რომ ეტაპობრივად, როგორმე რეფორმები გაატარონ და დაგვასაქმონ, ან შეგვიქმნან პირობები, რომ რაღაც შევქმნათ. მერწმუნეთ, ემიგრანტმა იცის დროისა და ფიზიკური შრომის ფასი და თუ შრომის საშუალება მიეცა სათანადო ანაზღაურებით, უარს არ იტყვის. ასე თუ არ მოხდა, დაიცლება საქართელო ქართველებისგან.

ემიგრანტებმა კი უნდა იზრუნონ სამშობლოს სახელის არგატეხაზე და ისე მოქცევაზე, რომ ქართველს ქართველობის არ შერცხვეს.

თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

28 წლის ვარ, ჯერჯერობით უცოლშვილო… სხვა რა გითხრათ?!

გიორგი დისშვილთან – ლუკასთან ერთად

მაგალითად, რატომ დაიარება უცოლშვილოდ ეს სიმპათიური ბიჭი? ესპანეთში არავინ მოგეწონათ თუ ცოლად აუცილებლად ქართველ გოგოს მოიყვანთ და მანდ ვერ აღმოაჩინეთ თქვენი მოსაწონი საცოლე?

ვფიქრობ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ჩემი მომავალი მეუღლე, მთავარია ერთმანეთს გავუგოთ და ერთმანეთის სიყვარული შეგვეძლოს ბოლომდე… უბრალოდ, ამჟამად სხვა ფიქრები და ამბიციები მაქვს, პირველ რიგში.

ამ „ფიქრებსა და ამბიციებს“ არ გაგვიმხელთ?

მსურს, რაიმე ტიპის მცირე ბიზნესი მქონდეს. კარგი იქნება, თუ ამ ბიზნესით საქართველოსთან ვიქნები კავშირში. რაიმე ისეთი მინდა გავაკეთო, რომ ეს ორი ქვეყანა (საქართველო-ესპანეთი) დავაკავშირო ერთმანეთს; ასევე მსურს, რომ ჩემი ვიდეოები და ბლოგები უფრო ფართო მასაზე გავიდეს, რათა მეტი ხალისით და მონდომებით გავაგრძელო ეს საქმეც…

საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?

კი, ჩამოვდივარ ყოველ წელს, ხან წელიწადში 2-ჯერ.

რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს – გინდათ ხოლმე უკან რომ წახვიდეთ?

საქართველოში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით მოვდივარ. სტამბოლში როცა მიწევს გადაჯდომა და იქ ვუცდი თბილისის თვითმფრინავს, ის ლოდინიც კი მიყვარს და რაღაც განსაკუთრებულს ველოდები… სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, როცა ამა თუ იმ უსამართლობის ხილვით დავღლილვარ და მომნდომებია უკან წამოსვლა, მაგრამ ის მოლოდინი, რომ ისევ დავბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნება, მაინც დადებითად, ღრმად არის ჩემში გამჯდარი.

რაზე ოცნებობთ?

ოცნება არა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ხმა რაც შეიძლება მეტ ხალხს მივაწვდინო, დავეხმარო და გავამხიარულო.

სამსახური, ბლოგზე მუშაობა… თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ?

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად მივდივარ სადმე, მივირთმევთ ყავას და ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე; ან ფილმს ვუყურებ, ან ვფიქრობ, რა ჩავწერო… და თუ ეს თავისუფალი დრო რამდენიმე დღეა, ამ შემთხვევაში მოგზაურობას ვარჩევ – ძალიან მიყვარს მოგზაურობა.

დაბოლოს, ახალგაზრდა თაობას რას ეტყოდა ემიგრანტი გიორგი ქართველი?

ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ძალა, მომავალი, თქვენ შეგიძლიათ საქართველო აღადგინოთ, გაამთლიანოთ და გააერთიანოთ, თქვენზეა (ჩვენზეა) დამოკიდებული ყველაფერი, ჩვენი მომავალი. პატივისცემით, მონდომებით, ერთმანეთის გვერდზე დგომით, სუფთა გულით და სამშობლოს სიყვარულით, ყველაფერს შევძლებთ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

მოუსმინეთ გიორგის, რომელიც ძალიან საჭირბოროტო თემაზე საუბრობს: 

ესპანეთის თემაზე: „ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს“

„აქ უმეტესობა ოჯახის და შვილების სარჩენად ან ბანკის ვალის გამო ჩამოდის“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close