„აქ უმეტესობა ოჯახის და შვილების სარჩენად ან ბანკის ვალის გამო ჩამოდის“

,,საქართველოს და ქართველებს სიყვარული, სითბო და ღიმილი აკლიათ… 3D ისტორიები არც მე მაქვს და არც სპეცეფექტებიანი ცხოვრება, მაგრამ ყველაფერი სტაბილურად კარგადაა“, ამბობს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათია თათარაშვილი.

ნათია, რამდენი ხანია, რაც საქართველოდან წახვედით და რომელ ქალაქში ცხოვრობთ?
მეშვიდე წელია, რაც ბარსელონასთან ახლოს, პატარა ქალაქ რუბიში ვცხოვრობ.

რა მიზნით წახვედით და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?
ძალიან ბანალურია, მაგრამ ასე, სპონტანურად, ავდექი და – წამოვედი. სიმართლე რომ გითხრათ, იმდენად რეალისტი ადამიანი ვარ, დიდი მოლოდინი არც მქონია არაფრის… თავიდანვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ უცხო ქალაქში, სადღაც უცხო ქყვეყანაში, უცხო ხალხთან ერთად უნდა მეცხოვრა.

არჩევანი რატომ შეაჩერეთ ესპანეთზე, ენა იცოდით ?
რამდენიმე ადგილას ვარ ნამყოფი, მაგრამ საბოლოოდ საცხოვრებლად ბარსელონა ავირჩიე. არა, ენა არ ვიცოდი და ამის გამო თავიდან საკმაოდ გამიჭირდა… უცხო ხალხი და უცხო მენტალიტეტი… თავის დამკვიდრება ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მოვახერხე. ამ შემთხვევაში მოთმინებამ გაამართლა.

რა პროფესიის ხართ და თქვენივე პროფესიით იპოვეთ სამსახური?
პროფესიით იურისტი ვარ. მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე. საქართველოში მყავს ოჯახის წევრები. ბევრი ამბობს, რომ თავის დასამკვიდრებლად და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებისთვის მიდიან სამშობლოდან უცხო ქვეყანაში, მაგრამ ეს ასე არ არის: აქ უმეტესობა ოჯახის და შვილების სარჩენად ან ბანკის ვალის გამო ჩამოდის. ყველაფერი, ზოგადად, გამართლებაზეცაა.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, უკვე 2 წელია Restaurante Hidalgo 2ში ვმუშაობ.

ალბათ ისწავლეთ კიდეც ესპანური კერძების მომზადება არა? უცხოელ მეგობრებს თუ გააცანით საქართველო? ესპანეთში რომელი ქართული კერძია პოპულარული?
როგორც უმრავლესობას, ამათაც მცდარი აზრი ჰქონდათ საქართველოზე და რუსეთის ნაწილი ეგონათ, მაგრამ ჩემს კოლეგებს უკვე ყველაფერი ზუსტად ვასწავლე. როცა საქართველოდან ვბრუნდები, ხშირად ჩამომაქვს ისეთი საჩუქრები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი სამზარეულოდან ხაჭაპური და შოთის პური იციან… მეც ვისწავლე ამასობაში ესპანური კერძების მომზადება.

დაოჯახებული თუ ხართ და როგორია ნათია თათარაშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე?
3D ისტორიები არ მაქვს და არც სპეცეფექტებიანი ცხოვრება (იცინის), ყველაფერი სტაბილურად კარგადაა. ჩემს სამუშაო გრაფიკს თუ გადავხედავ, იმდენად რთული და დატვირთულია, რისი კეთებაც მიყვარს, იმისთვის დრო ნაკლებად მრჩება. უბრალოდ, დასვენება მირჩევნია, თუმცა მეგობრების ნახვას მაინც ვახერხებ ხოლმე. აუზზე ყოფნაც ძალიან მიყვარს.

დაოჯახებული არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ, რადგან პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ არ მრჩება.

რთული ადამიანი არ უნდა იყოთ, მაგრამ ალბათ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ… 
რთული ადამიანი ალბათ არ ითქმის ჩემზე, მაგრამ… წელიწადში ორჯერ სენტიმენტალური ვხდები.

რას გულისხმობთ?
თითქმის ყოველ წელიწადს ვცდილობ ზამთარში და ზაფხულში ვესტუმრო საქართველოს. ახლაც ორი დღეა, რაც ესპანეთში დავბრუნდი. ყოველთვის ძლიერია ოჯახის და ოჯახის წევრების მონატრება, მაგრამ ამ დროს უფრო გამძაფრებულია ხოლმე… მაგრამ ჩემი არჩევანი იყო და შეგუებული ვარ ამასაც.

ქართველებზე რას იტყოდით? როგორები ვართ, თქვენი აზრით?
ძალიან კარგი ერი ვართ… თუ ვიყავით? აღარც ეგ ვიცი უკვე… საქართველოს და ქართველებს სიყვარული, სითბო და ღიმილი აკლიათ… თუმცა ისიც მესმის, რომ რთულია, შვილი გყავდეს მშიერი და ქუჩაში გაღიმებულმა იარო; როცა თავის გადარჩენაზე და არსებობაზე ფიქრობ, დაღლილს, სიყვარულის დროც ნაკლებად გრჩება… და ყველაფერი ერთად აღებული, ძალიან ძნელია.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...