ათენში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს, რომლებიც, ძირითადად, ბინების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები. დამნაშავეები გასაქურდად ბინებს წინასწარ ირჩევდნენ, ინფორმაციას აგროვებდნენ მათ შესახებ, შემდეგ კი შესაფერსის მომენტს ელოდებოდნენ და ბინებს ქურდავდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც მედიას ინფორმაცია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გააცნო: „ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში საქართველოს 4 მოქალაქე: 1965 წელს დაბადებული ვ. ხ., 1983 წელს დაბადებული ბ. თ., 1978 წელს დაბადებული მ. ფ. და 1976 წელს დაბადებული ვ. ჯ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე. წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებაში, მრავალგზის ქურდობაში ჯგუფურად, ფულის გათეთრებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც საბერძნეთის კანონმდებლობით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან სპეციალური ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

კომენტარები
Загрузка...