საშიში თურქეთი

ბოლო წლებია თურქეთი ძალიან საშიში ქვეყანა ხდება, რომელიც ყველა თავის მეზობელს პრობლემებს უქმნის. ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები სხვა სახელმწიფოების ხარჯზე ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე ფიქრობენ. ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი გზა არსებობსმეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა.

გამორჩეულად სახიფათო სიტუაცია ყალიბდება ბერძნებისთვის, რადგან თურქები განსაკუთრებული აგრესიით მოქმედებენ საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ. საბერძნეთისგან თურქეთს სურს თრაკიის ოლქისა და ეგეოსის ზღვის ზოგიერთი კუნძულის, აგრეთვე, საზღვაო აკვატორიის იმ ნაწილის მისაკუთრება, რომელიც მდიდარია ნავთობითა და ბუნებრივი აირით. ცოტა ხნის წინ თურქებმა სცადეს ჩაეძირათ ბერძნული სანაპირო დაცვის ხომალდი, მოგვიანებით კი, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გაურკვეველ ვითარებაში დააკავეს ბერძენი მესაზღვრეები, რომლებსაც ამ დრომდე მძევლებად იტოვებენ. საზოგადოდ, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დახმარებით, მნიშვნელოვან სამხედრო ძალად ჩამოყალიბდა და ახლა უკვე საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს. რამდენადაც საბერძნეთი სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერია, თურქეთი, უმთავრესად, პატარა და სუსტ კვიპროსს ემუქრება.

კვიპროსის კუნძულოვან სახელმწიფოში, რომელიც ევროკავშირის წევრია, ბერძნები (83 პროცენტი) და თურქები (17 პროცენტი) ცხოვრობენ. 1974 წლის ივლისში თურქეთმა კუნძულზე ინტერვენცია განახორციელა და მისი ტერიტორიის 35 პროცენტის (ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის) ოკუპაცია მოახდინა. ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად ხდება თურქების ჩასახლება კუნძულზე ეთნიკური ბალანსის შეცვლის მიზნით.

1983 წლის ნოემბერში თურქეთმა ოკუპირებული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელწიფოდ ცნო; იგივე გააკეთეს მაროკომ და პაკისტანმა. ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს რუსეთის პოლიტიკას საქართველოში, როდესაც რუსებმა სამხედრო ძალის გამოყენებით დაიკავეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, შემდეგ კი ეს მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს.

კვიპროსს, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოს, აქვს თავისი საზღვაო და საჰაერო საზღვრები და, ასევე, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც სახელმწიფოს ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენების უფლებით სარგებლობს. კვიპროსის შემთხვევაში ეს ზონა მდიდარია ნავთობითა და ბუნებრივი აირით. კვიპროსის რესპუბლიკამ დიდ საერთაშორისო კომპანიებს თავისი ენერგორესურსების მოპოვების უფლება მისცა და ნავთობისა და გაზის მოპოვება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. თურქეთი, სხვადასხვა საბაბით, ცდილობს მიითვისოს ამ ბუნებრივი სიმდიდრის ნაწილი, რადგან დიდი მოგების შესაძლებლობას ხედავს, რაც, თავის მხრივ, ძალაუფლების გაზრდის საშუალებას წარმოადგენს.

ზოგადად, თურქები მუდმივად ცდილობენ მდგომარეობის დაძაბვას: რეგულარულად ატარებენ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს კვიპროსის სანაპიროსთან და ხელს უშლიან უცხოურ გემებს, იმოძრაონ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საერთაშორისო წყლებში. მათი ქმედება ძალიან ჰგავს მეკობრეობასა და ტერორს. დღემდე ისინი ამერიკელების „ონავარი ბავშვებივით“ იქცეოდნენ და რასაც მოისურვებდნენ, იმას აკეთებდნენ, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა – თურქეთის ხელისუფლება აშშ-ის ინტერესებს დაუპირისპირდა, რადგან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაბატონებას ცდილობს. ასეთი პოლიტიკა ისრაელის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. რუსეთ-თურქეთის დაახლოებაც თეთრი სახლის შეშფოთებას იწვევს.

კვიპროსის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ-ერთ ნაწილში ენერგომატარებლების დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს იტალიური კომპანია ENI, კორეელ პარტნიორებთან ერთად. თურქულმა სამხედრო გემებმა, მუქარის გამოყენებით, იტალიელებს მუშაობის უფლება არ მისცეს და აიძულეს, საქმიანობა შეეწყვიტათ. ამერიკული, ფრანგული და სხვა ქვეყნების კომპანიებიც მზად არიან საქმიანობის დასაწყებად. კვიპროსის მთავრობას მათთვისაც აქვს გამოყოფილი შესაბამისი ზონა. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს თურქეთი ამ შემთხვევაში და შეეცდება თუ არა, გაიმეოროს მუქარა, როგორც იტალიურ კომპანიის შემთხვევაში.

იოანის ბულიასი

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი

p. s.  რედაქციის ხედვა შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებებს.

კომენტარები
Загрузка...