მუი-ტაის ჩემპიონმა ახალგაზრდა ქალმა ქუჩაში ღამით 8 თავდამსხმელი მოიგერია

ინციდენტი გასულ შაბათს, ღამით მოხდა იტალიის ქალაქ კარპის (მოდენის პროვინცია, ემილია-რომანია) ისტორიულ ცენტრში მდებარე ბელენტანინის ქუჩაზე. ახალგაზრდა წყვილს, რომელიც მეგობრებთან ერთად MATTATOIO CULTURE CLUB-ში გატარებული საღამოს შემდეგ  სახლში ბრუნდებოდა, 8 ტუნისელი მიგრანტი დაესხა თავს.

მათ წყვილი ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ ცემა დაუწყეს. თავდამსხმელებს, ცხადია, ვერც წარმოედგინათ, რომ ახალგაზრდა ქალის სახით მუი-ტაის (ტაილანდური საბრძოლო ხელოვნება) ჩემპიონთან ჰქონდათ საქმე. 29 წლის როსელა სეტიმ შეძლო თავდამსხმელებისგან როგორც საკუთარი თავის, ისე თავისი ბოიფრენდის, მატია პოლისენას დაცვა.

„ჩემი გმირი რომ არა, მკვდარი ვიქნებოდი! ჩემმა მეგობარმა გოგონამ იხსნა ჩემი სიცოცხლე! –  ასე იხსენებს ღამის კოშმარს მატია პოლისენა, ფოტოების დამუშავების სპეციალისტი. – ჩვენს ადგილას სხვები რომ ყოფილიყვნენ, რა მოუვიდოდათ?! ეს არაადამიანები უმოწყალოდ მირტყამდნენ თავში, ახლა თითქმის არაფერი მახსოვს“.

მამაცი ახალგაზრდა ქალი იბრძოდა მანამ, სანამ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას შუშის ბოთლი არ დაალეწა თავზე. საბედნიეროდ, ამ დროს პოლიციის სირენა გაისმა და თავდამსხმელები გაიქცნენ, თუმცა როსელამ მაინც შეძლო ერთ-ერთი მათგანის დაკავება მათ მოსვლამდე.

იგი აღმოჩნდა 20 წლის ტუნისელი, რომელიც კარაბინერებს ცოტა ხნის წინ დაპატიმრებული ჰყავდათ მსგავსი ქმედებისთვის სოლიერიში და მას შეზღუდული ჰქონდა სახლიდან გამოსვლა (ღამის საათებში ეკრძალებოდა). ის ახლა ციხეშია გადაყვანილი ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. დანარჩენ თავდამსხმელებს კი პოლიციელები ეძებენ.

„არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა, ჩვენ კლუბიდან მოვდიოდით, მათ გზა გადაგვიღობეს, ჯერ ხელს გვკრავდნენ, მერე სახეში დაგვიწყეს ცემა. ალბათ მთვრალები ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, ან ვინმეზე ღვარძლის ამონთხევა სურდათ… მე ვიბრძოდი, რათა დამეცვა მატია და საკუთარი თავი. ის ამ დროს უგონოდ ეგდო მიწაზე, მაგრამ მაინც წიხლებს ურტყამდნენ, – თქვა როსელამ ერთ-ერთ ინტერვიუში, – მე შემომრჩა იმდენი ძალა, რომ შევძელი ერთი თავდამსხმელის დაკავება პოლიციის მოსვლამდე“.

ახალგაზრდა წყვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად როსელას აქვს ქალა-სახის ტრავმა, დაჟეჟილობები სხეულზე, რადგან ასფალტზე ათრევდნენ, მატიას მდგომარეობა კი მძიმეა: ყბა-სახის რამდენიმე მოტეხილობა, თვალის ორბიტის მძიმე დაზიანება, გატეხილი ცხვირის ძგიდე, უამრავი დაჟეჟილობა სახესა და სხეულზე.

„მე რომ საბრძოლო ხელოვნება არ მცოდნოდა, ალბათ ჩვენ თვითონ ვერ შევძლებდით  ამ საშინელი ამბის მოყოლას“, – ამბობს ამ ამბის მთავარი გმირი, რომლის სიმამაცემ, ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, მისი და მისი მეგობრის სიცოცხლე იხსნა.

როსელას თქმით, სხვა დროსაც ხშირად ყოფილან კლუბში, ღამით გამოსულან და უსეირნიათ ბელენტანინის ქუჩაზე, რომელიც კარპის ცენტრს Viale Carducci-სთან აკავშირებს, თუმცა არასდროს პრობლემა არ შექმნიათ.

https://www.ilrestodelcarlino.it/modena/cronaca/aggressione-carpi-1.4555197

მსგავს თემაზე: იტალიაში დანაშაულისთვის დაპატიმრებულთაგან თითქმის ყოველი მეხუთე უცხოელია

ინციდენტი იტალიაში: წარმოშობით აფრიკელი მძღოლის ვერსია, თუ რატომ დაწვა სასკოლო ავტობუსი

კომენტარები