კინო/ფილმები

„საიდან შეგაქანათ?“ – „ცისფერი მთების“ ფრაზეოლოგია და რეზო ჭეიშვილის გულისტკივილი

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ საფუძვლად მწერალ რეზო ჭეიშვილის მოთხრობა „ცისფერი ხიდები“ დაედო, თუმცა მანამდე ბატონმა რეზომ ამ მოთხრობის მიხედვით დაწერა პიესა, რომელსაც „ცისფერი მთები“ უწოდა.

ფილმის გმირის მსგავსად მასაც „კარდაკარ“ დაჰქონდა პიესა, ყველა ეუბნებოდა წავიკითხეო, მაგრამ სინამდვილეში არავინ კითხულობდა. ბოლოს „სამანიშვილის დედინაცვლის“ (რომლის სცენარის ავტორიც რეზო ჭეიშვილია) გადაღების დროს პიესა თვითონ წაუკითხა ელდარ შენგელაიას, რომელმაც იმწუთსავე უყოყმანოდ განაცხადა, სცენარი დავწეროთ, ფილმს მე გადავიღებო…

რეზო ჭეიშვილისთვის ელდარ შენგელაიას ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ვერ წარმოედგინა, თუ ვინმეს ოდესმე მსგავსი სურვილი გაუჩნდებოდა, პიესა ხომ თეატრისთვის იყო გამიზნული. ფილმი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა.

„გივი, ჩვენ ვართ!“

„ცისფერი მთები“, ძირითადად, დიალოგებზე აგებული ფილმია. აქ არ არის სიყვარულის მკვეთრად გამოხატული თემა, არც სიმღერებია და არც დეტექტიური ჟანრის ელემენტები, მაგრამ მისდამი მაყურებლის ინტერესი დღემდე არ ნელდება. ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე ხალხში გავრცელდა ფრთიანი ფრაზები: „გივი, ჩვენ ვართ!“… „საიდან შეგაქანათ?!..“, „გზაში დამაწიეთ!”… – და ეს ყველაფერი ელდარ შენგელაიას მიაწერეს.

„რამდენიმე ათეული წელი გავიდა მას შემდეგ და დროა ითქვას, რომ ეს არ არის სწორი. ჩემია ის სიტყვები – ყველა, რომლებიც ხან ციტატებად მოჰყავთ, ხანაც ჟურნალებში ვხედავ სათაურებად…“ – გულისტკივილით მითხრა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბატონმა რეზომ, თუმცა თავადვე აღნიშნა: „ეს ყველაფერი საკითხში გაუცნობიერებლობის შედეგია. ახალგაზრდები წიგნებს იშვიათად კითხულობენ, კინო კი უფრო ადვილი აღსაქმელია, ისიც ტელევიზიით“.

ვინ არის მარკშეიდერი?

მარკშეიდერი (გერმანული სიტყვაა და სამთო ინჟინერს ნიშნავს), რომლის როლსაც ფილმში არაჩვეულებრივად ასახიერებს  მსახიობი ვანო საყვარელიძე, პიესაში საერთოდ არ არსებობს. მის ფუნქციას ნაწარმოებში ვულკანოლოგი ასრულებს. ახალი პერსონაჟი სცენარში თავიდანვე შევიდა, მეტიც, ფილმის მთავარი გმირი სწორედ მარკშეიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პიესამ ყველაფერი „თავის ნებაზე“ წაიყვანა.

სხვათა შორის, მარკშეიდერის პროტოტიპი ბატონი რეზოს დეიდაშვილი იყო, რომელიც ერთხანს მაღაროში მუშაობდა. პროტოტიპები ჰყავდათ სხვა გმირებსაც: „ისინი რეალურად არსებობენ… ჩვენ გარშემო ტრიალებენ ყველანი. ამდენად, ტიპაჟების მოძებნა ძნელი არ ყოფილა“, – ამბობდა რეზო ჭეიშვილი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ თავად იყო მთავარი გმირის – სოსოს პროტოტიპი…

„პრინციპში ასეა, თუმცა ბევრი რამ, ცხადია, არ ემთხვევა. ეგ კი არადა, ერთხელ გადაცემაში „ვის უნდა ოცი ათასი“ ასეთი კითხვა იყო: „ცისფერ მთებში“ ავტორს რა ჰქვიაო და ისე დავიბენი, სახელი – სოსო დამავიწყდა… ვერც თამაშის მონაწილემ უპასუხა სწორად – რამაზიო, შეეშალა, რადგან ფილმში სოსოს როლს მსახიობი რამაზ გიორგობიანი ასრულებს“.

როგორც ელდარ შენგელაია იხსენებს, როდესაც „ცისფერი მთების“ სცენარი დაიწერა, დიდხანს არ უფიქრიათ, სოსოს როლს ვინ ითამაშებდა, – რამაზ გიორგობიანი სწორედ ის მსახიობი იყო, რომელსაც შეეძლო შეესრულებინა ეს საკმაოდ რთული და საინტერესო როლი. „მასთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობს. რამაზმა შესანიშნავად შეასრულა ეს როლი და დიდი წვლილი შეიტანა, ეს ფილმი ნორმალური და მაყურებლისთვის საინტერესო რომ გამოსულიყო“, – ამბობდა რეჟისორი.

„ცისფერი მთები“ და სესილია

რეზო ჭეიშვილი ფილმის გადაღების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. რეჟისორი ითხოვდა მის იქ ყოფნას, რადგან ფილმში დროდადრო „დამხმარე“ დიალოგების ჩართვა იყო საჭირო და მწერალი მათ იქვე წერდა. იმ პერიოდში უკვე ძალიან ავად იყო სესილია თაყაიშვილი, ამიტომ თურმე გარეთ (გადაღებები, ძირითადად, თბილისში, პავილიონში მიმდინარეობდა) ყოველთვის ელოდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც გადაღებების შემდეგ იგი სახლში მიჰყავდა. სხვათა შორის, გადამღებ ჯგუფს გარეთ მეორე მანქანაც ელოდებოდა – მილიციის… რატომ? იმიტომ, რომ ფილმში ერთ-ერთ როლს მსახიობ ვასილ ჩხეიძის ვაჟი თამაშობს, აი ის, პეტრიაშვილი ზურგზე რომ შეახტება. იგი იმ პერიოდში დაჭერილი ყოფილა, საქმე სასამართლოში ჰქონია და მილიციას გადაღებებზე თვითონ მიჰყავდა, შემდეგ კი ელოდებოდნენ, რომ უკან წაეყვანათ. ნამდვილად გასაკვირია, როგორ აძლევდნენ პატიმარ კაცს უფლებას, ფილმში ეთამაშა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, როცა დაიჭირეს, გადაღება უკვე  დაწყებული იყო და მონაწილეობა რომ არ მიეღო, ფილმი ზარალდებოდა.

„ცისფერი მთების“ გადაღებების პროცესს მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე რატომღაც სესილია თაყაიშვილთან აკავშირებდა და ასე იხსენებდა: „ცისფერი მთები“ ბოლო ფილმი გამოდგა სესილია თაყაიშვილისთვის. ცხონებული, ძალიან ავად იყო და მაინც როგორ თამაშობდა!.. მე და მისი ვაჟი ვმეგობრობდით, ქალბატონ სესილიასთანაც საკმაოდ ახლოს ვიყავი. ერთხელ ძალიან გადავაბი სმა და გადაღება რამდენჯერმე ჩავშალე. ერთ დღეს კიდევ რომ ნასვამი მივედი, გამიყვანა სესილიამ გვერდზე და შენი დედაცო! – სულ დედა მაგინა… თუ ტრ…ი არ გაქვს, კი არ უნდა დალიოო, ერთი ამბავი დამაწია… ამ დროს ელდარს ხმა არ ამოუღია. იგი ძალიან სხვანაირია მუშაობაში, ჩხუბი არ იცის, არც ჩემთვის უკადრებია არაფერი, ჩემი კოსტიუმი სხვას ჩააცვა, ზურგით დააყენა და გადაღება გააგრძელა. სხვა მის ადგილას, ღმერთმა იცის, რას მიზამდა…“

 სახელმწიფო პრემიის გარეშე დარჩენილი „ვაჟა ზაზაევიჩი“

სამწუხაროდ, დღეს აღარც გურამ ლორთქიფანიძეა ცოცხალი, არც რამაზ გიორგობიანი და არც ფილმში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა, მათ შორის, დირექტორი –  ვაჟა ზაზაევიჩი, რომლის როლსაც ბრწყინვალედ ასრულებს თემურ ჩირგაძე.

თემურ ჩირგაძე პროფესიონალი მსახიობი არ იყო, შესანიშნავი ექიმი გახლდათ, მაგრამ უკვე ნათამაშევი ჰქონდა ელდარ შენგელაიას ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“. რეჟისორმა იცოდა მისი შესაძლებლობები, თორემ ერთგვარი რისკიც კი იყო მისი ამ როლზე დამტკიცება (ცნობისათვის: ელდარ შენგელაიას არ უნდოდა, რომ ფილმში ყველა როლი ცნობილ მსახიობებს ეთამაშათ).

მართალია თემურ ჩირგაძეს გარკვეული სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფო პრემია არ მისცეს, რადგან დებულების მიხედვით, მსახიობი უნდა ყოფილიყო და კინოში რამდენიმე მთავარი როლი უნდა ჰქონოდა შესრულებული. თავად ფილმმა სახელმწიფო პრემია მიიღო, რომელიც გადამღებ ჯგუფს კრემლში გადასცეს.

„ცეკაში ვინ შეგიშვებდა, მინისტრთა საბჭოში შეგვიყვანეს, შესვლისას ოთხჯერ შეგვამოწმეს, გამოსვლისას – ორჯერ… იმდროინდელი ცენზურის გამო პიესაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოგვიხდა. მაგალითად, გრენლანდიის ნაცვლად მე შიშკინის „სამი დათვი“ მქონდა. ის სურათი ვარდებოდა კედლიდან და ამის შეცვლა მოგვიწია. შეიძლება ასე უფრო უკეთესიც გამოვიდა, რა ვიცი… და გახსოვთ ალბათ, ფილმის დასასრულს არის ასეთი სიტყვები: „ახლა მაინც გადმოგვირიცხავენ რემონტისათვის ფულს“, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა აფუჭებს სიუჟეტს… სხვა მნიშვნელოვანი ამ მხრივ არაფერი ყოფილა“, – იხსენებდა ბატონი რეზო.

რატომ ორი სათაური?!

ფილმში მთავარი გმირის ნაწარმოების ორი სათაური („ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი“) ძალიან კარგად არის გათამაშებული და ამ „ორი სათაურის“ „დილემას“ ძალიან სახასიათო ირონიულ-იუმორისტული შტრიხი შემოაქვს, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მას. რაც შეეხება პირდაპირ განმარტებას, ავსტრალიაში არსებობს მთიანეთი, რომელსაც ცისფერი მთები ჰქვია. ცისფერი – ოცნების, სილამაზის სიმბოლოა… ტიან-შანიც ზეციურ ან ღვთიურ მთებს ნიშნავს. ზეციური და ცისფერი კი ერთმანეთთან, ცხადია, კავშირშია…

თამარ ოთიაშვილი

პოსტ სკრიპტუმის მაგიერ: ნამდვილად არ ვიცი, ვის „საიდან შეაქანებს“ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ ეს ფრაზა რომ ყოველთვის აქტუალურია და, მით უმეტეს, დღეს, ფაქტია… 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close